გია ვოლსკი - ოპოზიციამ დაკარგა ასპარეზი, სადაც თავისი მომხრეების გასაგონად მაინც გამოდიოდნენ
გია ვოლსკი - ოპოზიციამ დაკარგა ასპარეზი, სადაც თავისი მომხრეების გასაგონად მაინც გამოდიოდნენ

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე მთავრობის გადაწყვეტილება ექსპერტებისა და სპეციალისტების რეკომენდაციებით არის განპირობებული.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

„საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რასაც რასაკვირველია, მხარს დაუჭერს უმრავლესობა, განპირობებულია იმ რეკომენდაციებით, რაც აქვთ ექსპერტებსა და სპეციალისტებს. დღემდე მოვედით მეტ-ნაკლებად კარგი შედეგებით, ყოველ შემთხვევაში ამას აღნიშნავს მთელი მსოფლიო და რატომღაც შიგნით, შიდა ვითარებაში ურთიერთობებში რაღაც პოლიტიკურ თემებში გადაიჭრა ამ საკითხით სპეკულაცია. რეალობაა ის, რომ ქვეყანას საფრთხე ემუქრება, რეალობაა, რომ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ზომები მისაღებია, მათ შორის ისეთი, რომელიც საკმაოდ სერიოზულ დისკომფორტს ქმნის. რაც უფრო კარგად შევასრულებთ ამ რეკომენდაციებს, მით უფრო მალე მოვხსნით შეზღუდვებს, რაც სამწუხაროდ, გაგვაჩნია დღეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პირველი ვიცე-სპიკერი ამ საკითხზე ოპოზიციის განცხადებებსაც აფასებს და ამბობს, რომ მათ ასპარეზი დაკარგეს.

„ვფიქრობ, ოპოზიციამ დაკარგა რეალურად ასპარეზი, სადაც ისინი არგუმენტირებულად, თავისი მომხრეების გასაგონად მაინც გამოდიოდნენ სხვადასხვა საკითხზე. ეს არგუმენტები აღარ აქვთ, არც საკუთარი მომხრეებისთვის გასაცნობად. ამიტომ ცდილობენ, შექმნან ისეთი ვითარება, სადაც ეჭვებს ექნება გაცილებით მეტი ასპარეზი, ვიდრე რაციონალურ გადაწყვეტილებებს. გვეუბნებიან, რომ კვირის ბოლოს მთავრობა წარადგენს ეტაპობრივ გეგმას შეზღუდვების მოხსნისთვის. რასაკვირველია, ამ თემაზე მსჯელობა აუცილებელი იქნება, მაგრამ რაღაც ამოჩემება თემების, თითქოსდა, ოპოზიციას აუცილებლად საწინააღმდეგო პოზიცია უნდა ჰქონდეს, არის ერთადერთი შეფასების ღირსი – ეს არის სპეკულაციები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.