გია ვოლსკი - ოპონენტებს არ წარმოუდგენიათ არცერთი მტკიცებულება, რომ არჩევნები გაყალბდა, მოვისმინეთ ცრუ ბრალდებები, ამას ადასტურებს პროკურატურის გამოძიებაც
გია ვოლსკი - ოპონენტებს არ წარმოუდგენიათ არცერთი მტკიცებულება, რომ არჩევნები გაყალბდა, მოვისმინეთ ცრუ ბრალდებები, ამას ადასტურებს პროკურატურის გამოძიებაც

ოპონენტებს არ წარმოუდგენიათ არცერთი მტკიცებულება, რომ არჩევნები გაყალბდა, მოვისმინეთ ცრუ ბრალდებები, ამას ადასტურებს პროკურატურის გამოძიებაც, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გიო ვოლსკის არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ დაუსვეს კითხვა.

„რასაკვირველია, პროკურატურის გამოძიება ამ დასკვნამდე მივიდოდა, რადგან მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ. სულ რომ არ ყოფილიყო პროკურატურის გამოძიება, ოპონენტებს არ წარმოუდგენიათ არაფერი, არცერთი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, მით უმეტეს ტოტალურად გაყალბებული. ეუთო/ოდირის დასკვნაც ამაზე მეტყველებს. ამ დასკვნის მიმართ გააფთრებული ისტერიკაც ერთ-ერთი მანიფესტაციაა იმისა, რომ ოპონენტებს ამასთან დაკავშირებით არაფერი ხელთ არ აქვთ. გაყალბების მთავარი სიმბოლო, შავი წერტილი ნელ-ნელა დღის წესრიგიდან მოიხსნა და ასეთი აბრევიატურა აღარსად ჩანს. სისულელეა იმის მტკიცება, რომ გამოჟონილმა მელანმა შეიძლება არჩევნების შედეგებზე იმოქმედოს ან რამე კანონი იყო დარღვეული. წარმოუდგენელი ბრალდებები იყო, რომ ვიღაც ქალი ვიღაცას უცინოდა ან დვაბზუში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ვიღაცამ ვიღაც კაცი გადაკოცნა. ბიულეტენების ჩაყრის ერთადერთი შემთხვევა ვიცით და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. ვერცერთ სხვა კონფიგურაციაში ვერ ჯდება ის ცრუ ბრალდებები, რაც მოვისმინეთ. ამას ადასტურებს პროკურატურის გამოძიებაც. ახლა საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ პროკურატურა ხელისუფლებას ექვემდებარება და აქედან გამომდინარე არასწორ დასკვნას წარმოადგენდა. ამაზეც არსებობს გარკვეული პასუხი: შეიძლება მისი დასკვნების გაბათილების საკითხზე რაიმე კომპეტენტური განცხადების გაკეთება, თუმცა არც ასეთი გვესმის. საუბრობენ, გაყალბდა და მორჩაო, დაშინება, მოსყიდვა იყოო. გამოდის, რომ მილიონ 120 ათასმა ადამიანმა, პრაქტიკულად, შიშისა და მოსყიდვის გამო მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“, მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ მაჩვენებელი მეორე ადგილზე გასული პარტიის მაჩვენებელს 900 ათასი ხმით უსწრებს. ეს არის რეალობა. 300 ათასი კაცი იპოვეს, გააყალბეს, ორი თუ მეტი პირადობის მოწმობა გამოიყენეს, მელანმა გაჟონა – ესენი არ შეიძლება სერიოზულადაც იყოს განხილული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია 800-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

უწყების განმარტებით, სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა, ცალკეულმა მოწმეებმა კი გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.

ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტებით და მასში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების გამოკითხვით გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის შესაძლებლობა.