გია ვოლსკი - ოპონენტები გვთავაზობენ, დავანგრიოთ ყველაფერი და სანამ სააკაშვილი არ გაიმარჯვებს არჩევნებში, იქამდე ვატაროთ არჩევნები
გია ვოლსკი - ოპონენტები გვთავაზობენ, დავანგრიოთ ყველაფერი და სანამ სააკაშვილი არ გაიმარჯვებს არჩევნებში, იქამდე ვატაროთ არჩევნები

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სამთავრობო პროგრამა ოთხ ძირითად მიმართულებად შეიძლება, დავყოთ.

„ეს არის საგარეო ურთიერთობები და საგარეო ასპარეზზე პოზიციის გაძლიერება. საგანგებო მნიშვნელობის არის ეს თემა. რა საკვირველია, ეკონომიკას აუცილებლად სჭირდება დახმარება და საგანგებო სტრატეგია აქაც მნიშვნელოვანია, რათა ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეწყდეს. ძალიან მნიშვნელოვანია მმართველობის სისტემის დახვეწა და ყველაზე მნიშვნელოვანია სოციალური პაკეტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, ვინაიდან ოპოზიცია არ მონაწილეობს ნდობის გამოცხადების პროცესში, ექნება თუ არა ლეგიტიმაცია ახალ მთავრობას, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ სამართლებრივი და მორალური თვალსაზრისითაც ხელისუფლება არის ლეგიტიმური.

„სამართლებრივი თვალსაზრისით, მორალური თვალსაზრისით, ყველა შემთხვევაში ეს არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ამ ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს სამშვიდობოზე გასვლა. არის მეორე გზა, რომელსაც გვთავაზობენ ჩვენი ოპონენტები: დავანგრიოთ ყველაფერი და სანამ სააკაშვილი არ გაიმარჯვებს არჩევნებში, იქამდე ვატაროთ არჩევნები, მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიცია აქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მიუხედავად იმ ფაქტებისა, რომელიც გამოვლინდა ბოლო პერიოდში იმის საწინააღმდეგოდ, რასაც არწმუნებდა საზოგადოებას ოპონენტთა დიდი ჯგუფი, თითქოს არჩევნები იქნა გაყალბებული. აი, ეს არის რეალობა, ეს არის მოცემულობა და ამ მოცემულობაში ჩვენ მაღალი პასუხისმგებლობით უნდა ვიმუშაოთ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.