გია ვოლსკი - ოკუპაციასთან ბრძოლის კუთხით საერთაშორისო ასპარეზზე ყველაფერი კეთდება, თუ რამე არ კეთდება, ნინო ლომჯარიამ კეთილი ინებოს და ჩამოაყალიბოს, კიდევ რა უნდა გაკეთდეს
გია ვოლსკი - ოკუპაციასთან ბრძოლის კუთხით საერთაშორისო ასპარეზზე ყველაფერი კეთდება, თუ რამე არ კეთდება, ნინო ლომჯარიამ კეთილი ინებოს და ჩამოაყალიბოს, კიდევ რა უნდა გაკეთდეს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, ოკუპაციასთან ბრძოლის ბერკეტებთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიას განცხადებები პოლიტიკურია.

გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის განცხადებაზე, რომელიც დღეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ლომჯარიამ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოს არ აქვს ეფექტიანი ფორმატი და მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც ქართული მხარე შეძლებდა, ისეთი შემთხვევები განეხილა, რომელიც ეხება ადამიანების გატაცებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს საოკუპაციო ხაზთან. მისი თქმით, ქართულმა მხარემ საერთაშორისო თანამეგობრობასთან უნდა იფიქროს არსებული მექანიზმების გაუმჯობესებაზე ან ადამიანის უფლებების დაცვის ალტერნატიული მექანიზმების შექმნაზე.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, რაც დღეს ხდება ოკუპაციისთვის დამახასიათებელია, თუმცა მისი შეფასებით, ამას ხელი შეუწყო პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მაშინ ვითარებას მართავდა.

„საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება მოხდა და ოკუპანტს საშუალება მიეცა, აგრესია და ოკუპაცია განეხორციელებინა. ოკუპაციის დამახასიათებელი არის ის უკანონობა, რაც დღეს რეგიონში, ამ ტერიტორიებზე სუფევს, განსაკუთრებით, საოკუპაციო ხაზთან, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, მაგრამ მას ამ ყველაფერში ხელი შეუწყო იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მაშინ სიტუაციას მართავდა და იმ გეგმის საწინააღმდეგოდ წავიდა, რომელიც მაშინ აშშ-ისა და ევროკავშირს ჰქონდათ. დღეს ხდება ასეთი უკანონობები, მაგრამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ძალამ, რომელიც დღეს ყველაზე ხმამაღლა გაჰყვირის, თუმცა ამავე დროს არის მონაწილე იმ უბედურების, რაც რუსეთმა თავს დაგვაწია. ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა რა გგონიათ, ოკუპაცია კარგია“? – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, სახალხო დამცველმა ძალიან კარგად იცის, რომ ოკუპაციასთან ბრძოლის ორი ბერკეტი არსებობს.

„ერთია, საერთაშორისო ასპარეზი, სადაც ყველაფერი კეთდება და თუ რამე არ კეთდება, ნინო ლომჯარიამ კეთილი ინებოს და ჩამოაყალიბოს, რა უნდა გაკეთდეს კიდევ. მეორეა, შეიარაღებული თავდაცვა საკუთარი ინტერესების და იქნებ, სამხედრო დარგში რაღაც გამოცდილება და პროფილი გააჩნია სახალხო დამცველს. პოლიტიკური პლატფორმიდან ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების კეთება ადვილია, მაგრამ სახელმწიფოს არ უნდა აკრიტიკებდე ისეთ რამეზე, როცა ზუსტად იცი, რომ კეთდება ყველაფერი, რათა ქვეყანამ თავი დაიცვას, გადარჩეს, სტაბილურობა შეინარჩუნოს და თავი აარიდოს აგრესიას. ეს ის რეალობაა, რის დანახვაც არ უნდა ლომჯარიას. აქედან გამომდინარე, საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ მისი განცხადებები არის პოლიტიკური და სხვა არაფერი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სხვილოს ციხესთან დააკავეს. იგი ფეხშია დაჭრილი.  მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საგარეო უწყება მომხდარ ფაქტს რუსული საოკუპაციო ძალების მორიგ პროვოკაციად აფასებს და კატეგორიულად მოითხოვს ზაზა გახელაძის ქართული მხარისთვის დაუყოვნებლივ გადმოცემას.