გია ვოლსკი – ნიკა გილაური მეტ-ნაკლებად გამოიყურება, როგორც პროფესიონალი და უნდათ, დესტრუქციული მოძრაობის ლიდერად წარმოაჩინონ

15:13, 02.07.2026

ნიკა გილაური არის ადამიანი, რომელიც მეტ-ნაკლებად გამოიყურება როგორც პროფესიონალი და უნდათ, მისი სახე წარმოაჩინონ როგორც ამ დესტრუქციული მოძრაობის ლიდერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ყოფილმა პრეზიდენტმა არ გაამართლა არც თავისი მოქმედებით, არც საუბრის მანერით და არც ხედვებით. რასაკვირველია, მოღალატეები არავის უყვარს. ერთი პერიოდი, ნიკა გილაურსაც არ სწყალობდა სააკაშვილი. რამდენად გამოადგება ნიკა გილაური თავისი იერსახით და მოგონილი ინტელექტით ოპოზიციას, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ მისი რესურსიც მნიშვნელოვნად არის შეზღუდული იმ ინსტრუქციით, რასაც ქვეყნის დესტაბილიზაცია ჰქვია. დესტაბილიზაცია, რევოლუცია, ხელისუფლების ძალით შეცვლა და მშვიდობიანი დამხობა – ამ თემების გარდა, არავისგან არაფერი გაგვიგია. გილაურიც ამ კონტექსტში უნდათ, რომ ჩაწერონ და წარმატება ნაკლებად ექნებათ. ესენი საქართველოს ცეცხლიან მომავალს უქადიან და ნიკა გილაურიც ამ შემადგენლობაში განიხილება. შემადგენლობა მოწამლავს ნებისმიერს, ნიკა გილაური იქნება, თუ ნებისმიერი სხვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველთან“ წერილობით ინტერვიუში პოლიტიკურ პროცესებში გილაურების შემოყვანას „ძალიან მძიმე შეცდომა“ უწოდა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „ძმები გილაურები საბანკო დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან და მალე მოვა დრო, როცა ბანკების მესვეურები დიქტატურასთან ერთად გასამართლდებიან“.

პატიმრობაში მყოფმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ პოსტში აღნიშნა: „არცერთ ეტაპზე არ არსებობდა ურთიერთობა, სადაც ნიკა გილაური რაიმე სახის წინაპირობებს, დავალებებს ან მითითებებს გასცემდა. თანამშრომლობის არცერთ ეტაპზე გილაურისგან წინაპირობა პრემიერობის კანდიდატობა არ ყოფილა. მისი პრინციპული და ჩვენგან სრულად გაზიარებული პოზიცია იყო საერთო პრემიერობის კანდიდატი, მათ შორის საუბარი იყო სალომე ზურაბიშვილზეც, როგორც ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატზე“. ამასთან, ელენე ხოშტარიას პოსტში ნათქვამია, რომ მას „მადლობის გარდა, არაფერი ეთქმის ნიკა გილაურისთვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაწეული ბრძოლისთვის“.

მსგავსი