გია ვოლსკი - ნებისმიერი ფონდი გამჭვირვალე უნდა იყოს, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა თანხა საიდან შედის, რა ნაწილი ხმარდება სიკეთეს და სად იხარჯება, იმედია, ყველაფერი გაირკვევა
გია ვოლსკი - ნებისმიერი ფონდი გამჭვირვალე უნდა იყოს, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა თანხა საიდან შედის, რა ნაწილი ხმარდება სიკეთეს და სად იხარჯება, იმედია, ყველაფერი გაირკვევა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გამჭვირვალე უნდა იყოს ნებისმიერი ფონდი და ის, თუ რაში იხარჯება თანხები.

ვოლსკის თქმით, ფონდებთან დაკავშირებული საკითხი შესწავლილი იქნება და გაირკვევა, შემოწმება რა შედეგს დადებს.

„ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა თანხა შედის, საიდან შედის, რა ნაწილი ხმარდება სიკეთეს და სად იხარჯება. USAID-ს საქართველოში მშვენიერი პროექტები აქვს, მაგრამ გაირკვა, რომ მთელი რევოლუციური პროცესი კონკრეტული დონორების მიერ ფინანსდებოდა. იმედია, დაყადაღება დროებითია და ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ შეიძლება, ცუდი სურათი დაიხატოს, თუ გავიგებთ, რომ მოლოტოვის კოქტეილის მსროლელს რომელიმე ფონდიდან აფინანსებდნენ, ან ისეთი პიროტექნიკის ყიდვას აფინანსებდნენ, რომელსაც შეიძლება პოლიციელებისთვის სიკვდილი მოეტანა და გამოყენებული ყოფილიყო შეტაკებებისას. „ნანუკას ფონდზე“ არ ვსაუბრობ, თუმცა ასეთი ფონდებიც არსებობს. დაყადაღება ერთჯერადი აქტი არ არის და ყველაფერი შესწავლილი უნდა იყოს. არ ვფიქრობ, რომ ცუდია, როცა სტიქიის დროს დახმარებაში ჩართულ ადამიანებს აფინანსებენ, მაგრამ სცენარი – მოჩვენებითი გაწმენდა, ხელისუფლების გინების ფონზე ბარებით მუშაობა და დადგმული სცენარი, თითქოს ერთი კვირა გაუვალ ტყეში შედიოდნენ და გაათავისუფლეს ქალი, რომელიც ვითომ ხელისუფლებას მიტოვებული ჰყავდა, თუ ეს სცენარებია დაფინანსებული, რასაკვირველია, კარგი არ არის. ეს ერთმანეთთან რა კავშირშია? ვნახოთ, შემოწმება რა შედეგს დადებს. იმის თქმა, რომ კანონი დაარღვიე და ფულს გადავიხდიო, ქვეყნისთვის კარგი არ არის. კანონი არ უნდა დაარღვიო. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში რომ არის, ბევრმა დემოკრატიულმა ევროპულმა ქვეყანამ დაიკვეხნოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და, ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის ხშირ შემთხვევაში ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება ხორციელდება ე.წ. ფონდების მეშვეობით.

პროკურატურის ინფორმაციით, ანგარიშებიდან, საიდანაც ფინანსდება კანონსაწინააღმდეგო აქტივობები, 2 მილიონზე მეტია დახარჯული, დანიშნულებად კი მითითებულია, მათ შორის, „აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის“, „რაც საჭიროა ბრძოლისთვის“, „აქციებისთვის ინვენტარის შეძენა“, „პიროტექნიკის შესაძენად“, „აირწინაღის შეძენა წინახაზის ბავშვებისთვის“.