პროკურატურა - ანგარიშებიდან, საიდანაც ფინანსდება კანონსაწინააღმდეგო აქტივობები, 2 მილიონზე მეტია დახარჯული, დანიშნულებად მითითებულია, მათ შორის, „პიროტექნიკის შესაძენად“, „წინახაზის ბავშვებისთვის აირწინაღების შეძენა“
პროკურატურა - ანგარიშებიდან, საიდანაც ფინანსდება კანონსაწინააღმდეგო აქტივობები, 2 მილიონზე მეტია დახარჯული, დანიშნულებად მითითებულია, მათ შორის, „პიროტექნიკის შესაძენად“, „წინახაზის ბავშვებისთვის აირწინაღების შეძენა“

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და, ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის ხშირ შემთხვევაში ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება ხორციელდება ე.წ. ფონდების მეშვეობით.

„აღსანიშნავია, რომ დასახელებული ორგანიზაციები პირდაპირ წარმართავენ თანხებს უკანონო ღონისძიებების დასაფინანსებლად, მოუწოდებენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისკენ. კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი, თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა. გამოძიებით დგინდება, რომ სამართალდამრღვევი პირების მატერიალურ მხარდაჭერას ახდენენ შემდეგი ფონდები: ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“; ა(ა)იპ „ფროსფერითი“; ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“; ა(ა)იპ „სირცხვილია“; ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“; აღსანიშნავია, რომ მითითებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშები, რომელთა გამოყენებითაც ფინანსდება კანონსაწინააღმდეგო აქტივობები, გახსნილია ბოლო პერიოდში და 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე დახარჯული აქვთ 2.000.000 ლარზე მეტი. მნიშვნელოვანია, რომ დასახელებული ე.წ. ფონდები მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის. კერძოდ, მითითებული „ფონდებიდან“ ხდებოდა თანხების მიღება/გაცემა, მათ შორის, ტრანზაქციის დროს პირდაპირ მითითებული შემდეგი დანიშნულებით: „აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის“, „რაც საჭიროა ბრძოლისთვის“, „აქციებისთვის ინვენტარის შეძენა“, „პიროტექნიკის შესაძენად“, „აირწინაღის შეძენა წინახაზის ბავშვებისთვის“ და სხვა. როგორც გამოძიებით დგინდება, დიდი ოდენობით თანხები დანიშნულებით: „წინახაზის ბავშვებისთვის აირწინაღების შეძენა“ განკუთვნილი იყო იმ ძალადობრივი ჯგუფების დაფინანსებისთვის, რომლებიც სამართალდამცველებზე თავდასხმისას ე.წ. წინა ხაზზე იმყოფებოდნენ და ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს, რის შედეგადაც, როგორც უკვე აღინიშნა, ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო ათეულობით სამართალდამცავმა, ისევე როგორც აქციის მონაწილემ“, – ნათქვამია რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.