გია ვოლსკი - ნებისმიერი აქტივობა, რომელიც უკავშირდება მაღალი რანგის სტუმრის დახვედრას ასე სამარცხვინოდ, მიანიშნებს, რომ არ არსებობს რამე კონსტრუქციული პოზიციის პერსპექტივა
ნებისმიერი აქტივობა, რომელიც უკავშირდება, მით უმეტეს მაღალი რანგის სტუმრის დახვედრას ასე სამარცხვინოდ, როგორც ჩვენი ოპოზიცია გეგმავს, რასაკვირველია, მიანიშნებს იმაზე, რომ აქ არ არსებობს რამე კონსტრუქციული პოზიციის პერსპექტივა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის დროს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
„ასეთ ფონზე ნებისმიერი აქტივობა, რომელიც უკავშირდება, მით უმეტეს მაღალი რანგის სტუმრის დახვედრას, ასე სამარცხვინოდ, როგორც ჩვენი ოპოზიცია გეგმავს, რასაკვირველია, მიანიშნებს იმაზე, რომ აქ არ არსებობს რამე კონსტრუქციული პოზიციის პერსპექტივა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები გამოჩნდებიან, მათ შორის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც პასუხისმგებლობას გაითვალისწინებენ, არამარტო მიმდინარე მომენტში, არამედ ისტორიის წინაშე, საქართველოს ისტორიის წინაშე და საზოგადოების წინაშე, მათ შორის იმ საზოგადოების, რომელმაც მათ დაუჭირეს მხარი. ასე რომ დაველოდოთ. ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი საკმაოდ სერიოზულად იხილავს ამ მდგომარეობას და რასაკვირველია, დესტაბილიზაციის გეგმებსაც ძალიან კარგად შიფრავს, რომელიც ჩვენ ზოგიერთ ოპონენტს გააჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების და მაიკ პომპეოს შეხვედრის თემას, ვოლსკი აცხადებს, რომ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არ ემსახურება მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების შეთანხმების საკითხებს.
„რასაკვირველია, საუბარი დახურულ ფორმატში შედგება, მაგრამ ყველამ იცის, რომ ამ რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არ ემსახურება მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობებს შეთანხმების საკითხებს, ეს არის რეგიონალური მნიშვნელობის, რეგიონალური საფრთხეების განხილვის პლატფორმა, რომელიც შეიქმნება ამ ვიზიტებისას. საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების უპირველესი პარტნიორი რეგიონში არის საგანგებო მნიშვნელობის ამერიკის შეერთებული შტატებისათვის და რასაკვირველია, ამერიკის შეერთებულ შტატებს აინტერესებს სტაბილურობა საქართველოში. ვინაიდან, ეს პლატფორმა მისთვის არის საიმედო და მისი განვითარება, მისი პერსპექტიული ხედვა ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად სცილდება იმ ხედვას, რასაც ზოგიერთი ოპონენტი და მათი ლიდერები უქადიან ჩვენ ქვეყანას. ქვეყნის დესტაბილიზაცია, რასაკვირველია ამერიკის შეერთებული შტატების არათუ ინტერესებში არ შედის, არამედ პრინციპულად უპირისპირდება მას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რეგიონში ახალი სამხედრო შენაერთი გამოჩნდება რუსეთის ფედერაციის“, – განაცხადა ვოლსკიმ.