გია ვოლსკი - ნატო-ში გაწევრიანება არ არის ხვალინდელი დღე, მაგრამ არც შორეული პერსპექტივაა
გია ვოლსკი - ნატო-ში გაწევრიანება არ არის ხვალინდელი დღე, მაგრამ არც შორეული პერსპექტივაა

ნატო-ში გაწევრიანება არ არის ხვალინდელი დღე, მაგრამ არც შორეული პერსპექტივაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ამ თემის ექსპლუატაცია საქართველოში გამწვავებულ პოლიტიკურ პირობებში ხდება.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არის ყველანაირი კითხვის გარეშე. ნატო-ში გაწევრიანება იმ პირობით მოხდება, როცა კითხვებს სხვა პასუხი არ ექნება, თუ არა საქართველოს ერთიანობა, ტერიტორიული მთლიანობა, ნატო-ს თუ ევროკავშირის წევრობა ამ საკითხს არ დააზიანებს. ამის ფორმულა და გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც შეიძლება, სამაგალითო გადაწყვეტილებად მოვიყვანით, მაგრამ საქართველო სპეციფიკური ვითარებით გამოირჩევა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ეს საკითხები საქმიან რეჟიმში უნდა იყოს განხილული.

„საკითხები სამსჯელოა, სალაპარაკოა, ეს ყველაფერი განსახილველია საქმიან რეჟიმში და არა ჟივილ-ხივილის ფონზე, რომელსაც ნებსით თუ უნებლიეთ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია მიმართავს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივნმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-ს 70-ე წლისთავთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში რასმუსენი საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ალიანსის წევრების მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს. სტატიაში აღნიშნულია, რომ 1999 წლიდან ნატო ასპირანტ ქვეყნებს „მაპის“ პროგრამის ფარგლებში, რჩევებისა და მხარდაჭერისთვის ფორმალურ პროცესს სთავაზობს, თუმცა რასმუსენის განცხადებით, „კრიტერიუმები ტერიტორიული დავების მქონე ნებისმიერი ქვეყნისთვის შეუძლებელს ხდის ნატო-ს წევრობას. ამას კი, კარგად აანალიზებს კრემლი და რეგულარულად აღვივებს „გაყინულ კონფლიქტებს“. ასევე, სტატიის თანახმად რასმუსენი ამბობს, რომ  ნატო-ს შეუძლია, მიჰყვეს კვიპროსის ევროკავშირთან გაწევრიანების მოდელს. „კვიპროსი ევროკავშირისა და ევროზონის სრულუფლებიანი წევრია, თუმცა ევროკავშირის კანონმდებლობა არ მოქმედებს კუნძულის იმ ნაწილში, რომელსაც კვიპროსის მთავრობა ვერ აკონტროლებს. ნატო-მ ასევე უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები ყველა ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს და უკრაინის მთავრობები ამ დრომდე აკონტროლებენ“, –  აცხადებს რასმუსენი.