ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოსა და უკრაინის შესახებ სტატიას აქვეყნებს - ნატო-ს შეუძლია, კვიპროსის ევროკავშირთან გაწევრიანების მოდელს მიჰყვეს
ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოსა და უკრაინის შესახებ სტატიას აქვეყნებს - ნატო-ს შეუძლია, კვიპროსის ევროკავშირთან გაწევრიანების მოდელს მიჰყვეს

ყოველთვის,  როდესაც ნატო-მ თავი შეიკავა, რუსეთმა წინ წაიწია, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის სტატიაშია აღნიშნული, რომელიც მან ნატო-ს 70-ე წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

სტატიაში რასმუსენი საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ალიანსის წევრების მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს.

ყოფილი გენერალური მდივანი შეცდომად მიიჩნევს 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც, გერმანიისა და საფრანგეთის დაჟინებით, ალიანსმა საქართველოსა და უკრაინას სამოქმედო გეგმა აღარ შესთავაზა.

„სამიტიდან რამდენიმე თვის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში შეჭრის ბრძანება გასცა და მას შემდეგ რუსეთს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული აქვს“, – წერს რასმუსენი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 1999 წლიდან ნატო ასპირანტ ქვეყნებს „მაპის“ პროგრამის ფარგლებში, რჩევებისა და მხარდაჭერისთვის ფორმალურ პროცესს სთავაზობს, თუმცა რასმუსენის განცხადებით, „კრიტერიუმები ტერიტორიული დავების მქონე ნებისმიერი ქვეყნისთვის შეუძლებელს ხდის ნატო-ს წევრობას. ამას კი, კარგად აანალიზებს კრემლი და რეგულარულად აღვივებს „გაყინულ კონფლიქტებს“.

ანდერს ფოგ რასმუსენი ასევე იხსენებს პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის გაფრთხილებას, რომ საქართველოში რუსეთის შეჭრას, მომავალში უკრაინა მოჰყვებოდა, თუმცა ადრეული გაფრთხილების ეს „წითელი დროშა“ უყურადღებოდ დარჩა.

ყოფილი გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოსა და უკრაინას უნდა შესთავაზონ უფრო მეტი, ვიდრე თბილი სიტყვებია და გააცნობიერონ ის გამანადგურებელი როლი, რომელსაც კრემლის პარანოია ასრულებს გაწევრიანების პროცესში.

„ჩვენ უნდა გავუწოდოთ მშვიდობის ხელი პუტინის რუსეთს, თუ ის შეცვლის მის ქცევას, თუმცა არ უნდა დავტოვოთ ასპირანტი ქვეყნები განუსაზღვრელი ვადით „გაყინული“ მხოლოდ იმიტომ, რომ დავამშვიდოთ სტრატეგიული მოწინააღმდეგე. კრემლის მიზანია, შეაკავოს ეს ქვეყნები, ვიდრე მათი პროგრესი რეფორმების მიმართულებით არ დაიწყებს შეჩერებას“, – აღნიშნულია სტატიაში.

რასმუსენის განცხადებით, ნატო-ს წევრებმა უნდა გააძლიერონ ზემოქმედება და სანქციები რუსეთზე დონბასის რეგიონში კონფლიქტის დასასრულებლად, როგორც ამას მინსკის 2014 წლის პროტოკოლი ითვალისწინებს, და რუსეთი გავიდეს აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან.

„ნატო-ს შეუძლია მიჰყვეს კვიპროსის ევროკავშირთან გაწევრიანების მოდელს. კვიპროსი ევროკავშირისა და ევროზონის სრულუფლებიანი წევრია, თუმცა ევროკავშირის კანონმდებლობა არ მოქმედებს კუნძულის იმ ნაწილში, რომელსაც კვიპროსის მთავრობა ვერ აკონტროლებს. ნატო-მ ასევე უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები ყველა ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს და უკრაინის მთავრობები ამ დრომდე აკონტროლებენ“, – აცხადებს რასმუსენი.