გია ვოლსკი - ნატო-ს არაერთი წევრი ქვეყანა მიიჩნევს, რომ საქართველო ალიანსის წევრი უნდა გახდეს
გია ვოლსკი - ნატო-ს არაერთი წევრი ქვეყანა მიიჩნევს, რომ საქართველო ალიანსის წევრი უნდა გახდეს

ნატო-ს არაერთი წევრი ქვეყანა მიიჩნევს, რომ საქართველო ალიანსის წევრი უნდა გახდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის, ლუკ კოფის წერილთან დაკავშირებით, რომელშიც ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ „ნატო-მ უნდა გაითვალისწინოს თურქეთის რჩევა და საქართველოს წევრობა მიანიჭოს“.

„ამის თაობაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იყო და ნატო-ს არაერთი წევრი ქვეყანა მიიჩნევს, რომ საქართველო ალიანსის წევრი უნდა გახდეს. კონკრეტული ექსპერტის პუბლიკაციაში ვითარების საკმაოდ სიღრმისეული შეფასებაა. ვფიქრობ, მსოფლიოში, რეგიონში მიმდინარე პროცესები, დაპირისპირების ის ხარისხი, რომელიც სამწუხაროდ მსოფლიოს თვალწინ ვითარდება, რასაკვირველია, ძალების კონცენტრაციას მოითხოვს.

აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, საქართველოს ნატო-ს წევრობა ამ პოლიტიკური და სამხედრო გაერთიანების ინტერესს უნდა წარმოადგენდეს. ბევრი დეტალია გასავლელი, საქართველოს საფრთხე არ უნდა შეექმნას. საქართველოსთვის საფრთხის არიდების მექანიზმები უნდა არსებობდეს და ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ნატო-ს წევრობა არ გვინდა არავის წინააღმდეგ, არამედ თავის დასაცავად. ეს კონდიცია ჯერ არ არის სამწუხაროდ, თუმცა საქართველოს ნატო-ს წევრობა მნიშვნელოვნად განაპირობებს რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. აქედან გამომდინარე, თურქეთის, როგორც ექსპერტის, ასევე ოფიციალური პირის შეფასებები არის ადეკვატური“, – განაცხადა ვოლსკიმ.