გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ შეკრებილი ძალა აშკარად გრძნობს, რომ გავლენა და დაქვემდებარება არის მთავარი ამოცანა, რომელსაც სააკაშვილის ხედვა გულისხმობს
გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ შეკრებილი ძალა აშკარად გრძნობს, რომ გავლენა და დაქვემდებარება არის მთავარი ამოცანა, რომელსაც სააკაშვილის ხედვა გულისხმობს

სახელმწიფო ეცდება, გამოხატვის უფლება იყოს დაცული და ასევე, დაცული იყოს იმ ადამიანების უსაფრთხოება, ვინც კარვებში არიან და მათი უსაფრთხოებაც, ვინც კარვებში მყოფთა მიმართ აგრესიულად არის განწყობილი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საკანონმდებლო ორგანოს წინ კარვების გაშლის საკითხზე.

მისი თქმით, მსგავსი პროტესტის სტრატეგიული მიმართულებაა სახელმწიფო სტრუქტურებსა და საზოგადოებაში არეულობის გამოწვევა და სახელმწიფოს მოვალეობაა ამის პერსპექტივა არ დაუშვას.

„არსებობს კანონი, არსებობს რეალობა, რასაც დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელი გარკვეული ნიშნები ჰქვია, თუნდაც უშველებელი რაოდენობა ადამიანებისა გამოხატავს თავის უკმაყოფილებას იმ დისკომფორტით, რაც შეიძლება კარვების ამ რაოდენობის გაშლამ გამოიწვიოს, მაგრამ სახელმწიფო ეცდება რომ გამოხატვის უფლება იყოს დაცული და ასევე დაცული იყოს უსაფრთხოება იმ ადამიანების, ვინც კარვებშია და იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, ვინც ამათ მიმართ აგრესიულად არის განწყობილი.

სახელმწიფოს მოვალეობაა, არ აჰყვეს ამ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას, რომ იქნებ, როგორმე ჯახი გამოიწვიონ არამარტო სახელმწიფო სტრუქტურებთან, არამედ საზოგადოებების წარმომადგენლებს შორის მოხდეს დაპირისპირება და რასაკვირველია, ამას პერსპექტივა გააჩნია, თუკი სახელმწიფო არ იმოქმედებს საკმაოდ ჩამოყალიბებულად და დაგეგმილი სტრატეგიით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კომენტარი გააკეთა, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „ლელოს“ ლიდერი არ იზიარებს კარვების ქალაქის იდეას. ვოლსკი აქვე გამოეხმაურა „კანონი და სამართლის ლიდერის“ თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომ „ხალხი აქციებზე „ბოკერია -ბურჯანაძის“ პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებად არ მიდის“. კერძოდ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ამ განცხადებების კომენტირებისას, ვოლსკიმ განაცხადა, რომ მისი  „პოლიტიკური სიმპატიები ნამდვილად არ არის მიმართული რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, თუნდაც მათ მიმართ, ვინც ერთმანეთს აგინებს“.

„არ მინდა, ძალიან ზედმეტად ხისტი ვიყო ჩემს კომენტარებში, ვინაიდან ეს რაღაც გულის მოოხებას უფრო ჰგავს, საქმიანად ვილაპარაკოთ. კარვების ქალაქი და დესტრუქციის ესეთი ხარისხი, რომელიც საქართველოში შეიძლება, შეიქმნას და ესენი რასაც გვპირდებიან, რასაკვირველია, კიდევ დამატებითი ანალიზის საფუძველს იძლევა და დასკვნების საფუძველს, შეუძლია კი ასე გამოხატულ პრორუსულ ძალას ასეთ გამოხატულ პროდასავლურობის დამჩემებელ ძალასთან ერთად შექმნას ის გარემო, რომელიც საქართველოს სჭირდება, – ეს პირველი საკითხია, მეორე საკითხია – სჭირდება კი საქართველოს დესტრუქციის ისეთი მასშტაბი, რომელიც მას დაანგრევს საბოლოოდ და ჩააგდებს ამ ოკუპანტი ძალის გავლენის ქვეშ, უფრო მეტად დაუქვემდებარებს იმ დესტრუქციულ პროცესებს, რაც რეგიონში მიმდინარეობს, სჭირდება კი ეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ერთადერთი პრაქტიკულად დასაყრდენი ძალა ამიერკავკასიაში, იყოს შერყეული. აქედან გამომდინარე, საზოგადოება გაცილებით უფრო საღ პასუხებს იძლევა, ვიდრე ეს მითითებები, რაც ოპოზიციის გარკვეული ძალებიდან მოდის. თუკი ვინმე ამას ეწინააღმდეგება, საწინააღმდეგო კომენტარები და განცხადებები საღი გონებით არის გაკეთებული, თუმცა იცით, რომ ჩემი პოლიტიკური სიმპატიები ნამდვილად არ არის მიმართული რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, თუნდაც მათ მიმართ, ვინც ერთმანეთს აგინებს, რადგან ეს გინებაც საკმაოდ ბევრი იყო სულ ახლახან და რაღაც „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ შეკრებილი ძალა აშკარად გრძნობს, რომ გავლენა და დაქვემდებარება არის მთავარი ამოცანა, რომელსაც სააკაშვილის ხედვა გულისხმობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საზოგადოება, მათ შორის ოპოზიციის მხარდამჭერები ხედავენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიციის მიმართ აგრესია არის უფსკრულისკენ მიმავალი გზა.

„აქ მელია არის მეორეხარისხოვანი, რომელიც შეიძლება, გამოდგეს იმ იარაღად, რასაც ჰქვია დანაშაულის გამო ადამიანის დაკავებისთვის პოლიტიკური ასპექტის მიცემა. ეს არის ზედაპირზე, ამ ზედაპირს კარგად აანალიზებს საზოგადოება, შესაბამისად მოქმედებს და რეაგირებაც შესაბამისია. ჯერ კიდევ კარვების დადგმამდე და ამ აგრესიულ განცხადებებამდე, რომელიც მიმართულია ჩემ მიმართ, ჩვენს მიმართ, ზოგადად რომ უნდა იყოს მათი გვარები გამოფენილი, დავხვდეთ აგრესიულად, სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, პოლიციელებზე აღარ ვლაპარაკობ, საზოგადოება ხედავს, რომ ეს არის უფსკრულისკენ მიმავალი გზა და მათ შორის საზოგადოების ის ნაწილიც, ვინც მათ მხარს უჭერს, არა ორასი ან ასი ლარის გულისთვის ჩამოდის, არამედ გულწრფელად უჭერს მხარს ოპოზიციას, ამ საზოგადოებაშიც საკმაოდ არის ინტელექტუალური ძალები, რომ გააანალიზონ და შეაფასონ სიტუაცია“, – განაცხადა ვოლსკიმ.