გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ პოზიციების შეფასების ინდიკატორი ის მოვლენებია, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს
გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ პოზიციების შეფასების ინდიკატორი ის მოვლენებია, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ პოზიციების შეფასების ინდიკატორი ის მოვლენებია, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს, როცა ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვიტეს, ის სცენარი აღესრულებინათ, რასაც მიხეილ სააკაშვილი ბოლო პერიოდში ინტენსიურად ღია თუ დახურული ეთერით საუბრობდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, ოპონენტების პოზიციებიდან გამომდინარე კონსტრუქციულობაზე გადაწყობა ძნელია, მაგრამ როცა საზოგადოებას სჭირდება, რაღაცებზე, თავის ძველ გეგმებზე ხელი უნდა აიღონ და იმ რეჟიმში გადავიდნენ, რასაც მოლაპარაკება და კონსენსუსამდე მისვლის მცდელობა მაინც ჰქვია.

ამას გარდა, ვოლსკი ნულოვანი ბარიერისა და საარჩევნო ბლოკების თემაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს საკამათო თემებია.

„ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში, პარლამენტში ბევრი შემთხვევითი ხალხი და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოაზროვნე ხალხი მოხვდება, ვფიქრობ, ეს შეფასებები გადაჭარბებულია და პოლიტიკურად არაეთიკურია”, – განაცხადა ვოლსკიმ.