გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციური სცენარი კვლავ ძალაშია
გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციური სცენარი კვლავ ძალაშია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციური სცენარი კვლავ ძალაშია.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა და ყურადღება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2014 წელს გაკეთებულ განცხადებებზე გაამახვილა.

„ჯერ კიდევ 2014 წლის არჩევნების წინ, მიხეილ სააკაშვილი ღია ეთერში განცხადებებს აკეთებდა, რომ მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება არ შეიძლებოდა და ხელისუფლება გარკვეული სტრატეგიით ხელში იყო ასაღები. შემდეგ ჩანაწერები იყო, რომელიც იმაზე მეტყველებდა, რომ ეს თემა დეპუტატებისა და იმ პოლიტიკოსებისთვის იყო ცნობილი, რომელთაც სააკაშვილთან პირდაპირი კავშირი ჰქონდათ და იმაზე საუბრობდნენ, დაპირისპირება როგორ უნდა მომხდარიყო. ცოდნა, რომელიც მე და საზოგადოებას გაგვაჩნია, სავსებით საკმარისია, დავასკვნათ, „ნაციონალური მოძრაობა“ რა მიმართულებით წავა“, – აღნიშნავს ვოლსკი.

მისი თქმით, არარსებულ სიტუციაში „ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ გრიგოლ ვაშაძე გამარჯვებულია, როცა ამის არანაირი პერსპექტივა არ არსებობს.

„ეს ირიბად იმაზე მიუთითებს, რომ რევოლუციური სცენარი კვლავ ძალაშია. რატომ არ არის გამოძიებული და ბოლომდე რატომ არ ჩავყევით იმას, როცა სააკაშვილი „რუსთავი 2“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლის ღვრის ორგანიზებაზე ლაპარაკობდა, ამ საკითხზე სუს-მა განცხადება უნდა გააკეთოს. სამართლებრივი ნაწილი ერთია, თუმცა პოლიტიკურად სწორად არ მიმაჩნია, საზოგადოება დაძაბო და დაპირისპირების რეჟიმში ამყოფო“, – დასძინა ვოლსკიმ.​

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციის საკითხზე გუშინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, გამოვლენილი აქვს, რა იგეგმებოდა პროვოკაციების მოსამზადებლად.

ამავე თემაზე დღეს პირველ არხთან სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალებას არავის მივცემთ.