გია ვოლსკი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ არავითარი ინტელექტუალური დაპირისპირება არ არსებობს, დაპირისპირებაა, ვინ უფრო დიდი რესურსით ჩაერთვება ქვეყნის დესტაბილიზაციის საქმეში
გია ვოლსკი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ არავითარი ინტელექტუალური დაპირისპირება არ არსებობს, დაპირისპირებაა, ვინ უფრო დიდი რესურსით ჩაერთვება ქვეყნის დესტაბილიზაციის საქმეში

ფაქტია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ რესურსი საკმაოდ შეზღუდულია, რომ რევოლუციის იდეა განახორციელონ და ასევე არ გააჩნიათ არანაირი რესურსი, რომ ქვეყნის განვითარების საქმეში პოზიტიური მონაწილეობა მიიღონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, დაპირისპირების მთავარი მიზეზია ის, რომ იმ ტემპითა და მასშტაბით ვერ განვითარდა საპროტესტო აქციები, რომელიც პასუხობდა რევოლუციური სცენარის განვითარებას, რისთვისაც სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა.

„შეუთანხმებლობა, დაპირისპირება, მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით გახდა მიზეზი მოსალოდნელი ცვლილებისა. არავითარი ინტელექტუალური დაპირისპირება აქ არ არსებობს, არის დაპირისპირება ვინ უფრო დიდი რესურსით ჩაერთვება ქვეყნის დესტაბილიზაციის საქმეში. მელია იჩემებს, რომ მას შეუძლია, ეს გააკეთოს. იგი ამბობდა, სააკაშვილის ადგილზე რომ ყოფილიყო, დიდი ხნის ჩამოსული იქნებოდა, შემდეგ როცა დააკავეს, შეცვალა თავისი პოზიცია. სხვები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ დესტრუქციაში მელიასაც აჯობებენ და სხვა კოლეგებსაც.

ორი დესტრუქციული მხარე ერთმანეთს ეჯიბრება, ვინ უფრო დესტრუქციულია და ვინ უფრო მეტ დესტაბილიზაციის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის. სხვა თემაზე კამათი არ არის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ კეზერაშვილსაც თავისი მოსაზრებები და თავისი ფინანსური რესურსიც მობილიზებული აქვს ამ მიმართულებით.

რა პერსპექტივა აქვს არ ვიცი. იმის ნაცვლად, რომ გააფართოვოს თავისი ინტელექტუალური მონაწილეობა დარგების მიხედვით, აქტიურად იმუშაოს ყველა საკითხზე, რომელიც ეხება ქვეყნის განვითარების თემას და კონკურენცია გაუწიოს ოპონენტ პარტიებს, ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიუხედავად რეკომენდაციისა და მიუხედავად აუცილებლობისა, კვლავ ძველ სცენარს მიჰყვება. რა, როგორ დამთავრდება მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ რესურსი საკმაოდ შეზღუდულია, რომ რევოლუციის იდეა განახორციელონ, საერთოდ არ გააჩნიათ არანაირი რესურსი, რათა პოზიტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის განვითარების საქმეში“, – განაცხადა ვოლსკიმ.