გია ვოლსკი - „ნაციონალურ მოძრაობას” არანაირი მოლაპარაკებები და არჩევნები არ აწყობს, მისი სტრატეგია დესტაბილიზაციაა
გია ვოლსკი - „ნაციონალურ მოძრაობას” არანაირი მოლაპარაკებები და არჩევნები არ აწყობს, მისი სტრატეგია დესტაბილიზაციაა

მოლაპარაკების მაგიდასთან „ნაციონალური მოძრაობის” მოუსვლელობა განპირობებულია გარკვეული დამოკიდებულებებით, რომელიც მას გააჩნია არჩევნების თემასთან დაკავშირებით. მათ არ უნდათ არჩევნები, მათი გზაა დესტრუქცია, რითაც შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდეს სააკაშვილი. ეს არის ფორმულა, რასაც მიჰყვებიან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, აკაკი მინაშვილის განცხადება, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლა არის კომპრომისი, სრულ სურათს ქმნის.

„ხისტი ულტიმატუმების გარდა, მათი მხრიდან არაფერი ყოფილა. ერთი გარემოება არის, რომელიც გასათვალისწინებელია – რეგიონში ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა. რასაც 2006 წლიდან ვაკვირდები, არც ერთი ნაბიჯი „ნაციონალურ მოძრაობას” ხელისუფლებაში იყო თუ ოპოზიციაში, არ გადაუდგამს, რომელიც არ ემთხვევა იმ ინტერესებს, რაც საოკუპაციო ძალებს აქვთ. დანიელსონი მექანიზმია, რომელმაც უნდა უპასუხოს იმ სურვილებს, რომელიც გააჩნიათ მოლაპარაკებების მაგიდასთან პოლიტიკურ სუბიექტებს. აკო მინაშვილმა თქვა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლა არის კომპრომისი, რაც სრულ სურათს ქმნის. მარგინალიზაცია მოსალოდნელია ასეთი ხისტი პოლიტიკური სუბიექტებისგან, მაგრამ საშიშროება სხვა რამეშია, მუდმივად ცდილობენ, საზოგადოებაში დაპირისპირება მოხდეს. „ნაციონალურ მოძრაობას” არანაირი მოლაპარაკებები და არანაირი არჩევნები არ აწყობს, მისი სტრატეგიაა დესტაბილიზაცია, რომელიც ემთხვევა იმ სტრატეგიას, რაც გააჩნია საოკუპაციო ძალას. ეს არის რეალობა, ზედაპირზე დევს ფაქტები და არგუმენტები, რომლის ანალიზი აუცილებელია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.