გია ვოლსკი - მტკიცება, რომ ყაჩაღის განადგურება და ადამიანების საფრთხის ქვეშ დაყენება სჯობდა, გარკვეული პოლიტიკური სუბიექტებისთვის დამახასიათებელი ხელწერაა
გია ვოლსკი - მტკიცება, რომ ყაჩაღის განადგურება და ადამიანების საფრთხის ქვეშ დაყენება სჯობდა, გარკვეული პოლიტიკური სუბიექტებისთვის დამახასიათებელი ხელწერაა

იმის მტკიცება, რომ ჯობდა, ყაჩაღი განადგურებულიყო და საფრთხის ქვეშ დაეყენებინათ ადამიანის სიცოცხლე, არის ის ხელწერა, რომელიც ახასიათებს გარკვეულ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც ახლახან მართავდნენ ქვეყანას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სპეცოპერაციის პირველი ეტაპი, რაც მოქალაქეების გადარჩენას გულისხმობს, წარმატებით ჩატარდა.

„საკმაოდ მომზადებული დამნაშავე მონაწილეობს ამ პროცესში, რომლის იდენტიფიკაციისთვის საკმაო საგამოძიებო რესურსი იქნება დახარჯული. პირველი ეტაპი წარმატებით ჩატარდა და კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ პოლიციის ხელმძღვანელობას, დაწყებული მინისტრისგან, დამთავრებული რიგით პოლიციელამდე. ჩვენ გვყავს ღირსეული ადამიანების გუნდი, რომლებიც ჩვენ თავისუფლებას და სიცოცხლეს იცავენ. საფრთხე იყო რეალური, თუმცა იმის მტკიცება, რომ ჯობდა ყაჩაღი განადგურებულიყო და საფრთხის ქვეშ დაეყენებინათ ადამიანის სიცოცხლე, არის ის ხელწერა, რომელიც ახასიათებს გარკვეული ტიპის პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც ახლახან მართავდნენ ქვეყანას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

21 ოქტომბერს, ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა. სამართალდამცველების ძალისხმევით, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა ეტაპობრივად გაათავისუფლა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. ოთხივე მათგანი გვიან ღამით გათავისუფლდა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით. გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.