გია ვოლსკი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას დესტრუქციულსა და მავნებლურს უწოდებს
გია ვოლსკი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას დესტრუქციულსა და მავნებლურს უწოდებს

მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის არა მხოლოდ პროვოკაციული, არამედ არაკომპეტენტურს ვუწოდებდი, რომ არ იცოდეს, რეალურად, რამხელა ზიანის შეიძლება მოუტანოს საქართველოს, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოს ექსპრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით თავშეკავებაა საჭირო.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის არა მხოლოდ პროვოკაციული, არამედ არაკომპეტენტურს ვუწოდებდი, რომ არ იცოდეს, რეალურად, რამხელა ზიანის შეიძლება მოუტანოს საქართველოს. ეს არის დესტრუქციისა და მავნებლობის აშკარა გამოხატულება, რასაც ჰქვია ერთი მხარის მხარდაჭერა და პოზიციის გამოხატვა მაშინ, როცა საქართველოს სამეზობლოში მხოლოდ მშვიდობა აწყობს. სააკაშვილის მიზანია, რომ საქართველოში ასწლეულების მანძილზე მშვიდობიანად მაცხოვრებელმა სომხურმა და აზერბაიჯანულმა ეთნიკურმა ჯგუფებმა დაპირისპირების გარკვეული ხარისხი გამოავლინონ და თუ სააკაშვილის ოცნება ახდება, ეს ყველაფერი დაპირისპირებაში გადავიდეს. ეს განცხადება ამას ნიშნავს, სხვას – არაფერს. მაქსიმალურად თავშეკავებულები უნდა ვიყოთ, ნეიტრალურები და საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა შევთავაზოთ, რომ ამ პროცესების მოგვარებაში გადაუდებლად ჩაერთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება სამეზობლოში საგანგებო მდგომარეობა შექმნას. კერძოდ, საქართველოში, სადაც ცხოვრობენ აზერბაიჯანელებიც და სომხებიც. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რომ ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით იყოს საქართველოს ტერიტორიაზე დაპირისპირება. სამწუხაროდ, ამისკენ იღწვიან ოპონენტები და სააკაშვილის განცხადება სწორედ ამას მოწმობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის. მისივე თქმით, ყველას, ვინც გამოდევნილია ამ რეგიონიდან, აქვს უფლება დაუბრუნდეს თავის სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს, მათ აქვთ უფლება მშვიდად იცხოვრონ.