გია ვოლსკი - მთავრობა, პარლამენტი და „ქართული ოცნება“ სასამართლოს და შემდეგ პრეზიდენტს ვერ უკარნახებს, როგორ უნდა მოიქცეს გიორგი რურუას საკითხთან დაკავშირებით
გია ვოლსკი - მთავრობა, პარლამენტი და „ქართული ოცნება“ სასამართლოს და შემდეგ პრეზიდენტს ვერ უკარნახებს, როგორ უნდა მოიქცეს გიორგი რურუას საკითხთან დაკავშირებით

გიორგი რურუასთან დაკავშირებით სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ვერც სასამართლოს და შემდეგ ვერც პრეზიდენტს ვერ უკარნახებს მთავრობა, პარლამენტი და „ქართული ოცნება“, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ამ საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გიორგი რურუას გათავისუფლებაზე ოპოზიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას „ბუნდოვანი პერსპექტივა აქვს“, მიზეზების მოძებნა უჭირს და ამიტომ მოხდა პოლიტიკური პატიმრების თემის წამოწევა.

„საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ოპოზიციას საერთოდ არ უნდა არჩევნები. პერსპექტივა ძალიან რთული აქვს. მიუხედავად იმისა, რომ 30 თუ 31 პარტია და პოლიტიკური ფიგურები შეგროვდნენ ერთად, პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანი აქვთ. არასტაბილური შემადგენლობაა, რომელიც დღეს სხვადასხვა საკითხზე მსჯელობს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მიზეზის მოძებნა არ გაუჭირდათ, პოლიტიკური პატიმრების თემა დააყენეს. ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი არსებობს, მათ შორის საერთაშორისო დონეზე. გადაწყვეტილება პრეზიდენტის მიერაა მიღებული, ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით, ეს მეორე საკითხია.

რაც შეეხება გიორგი რურუას თემას, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ვერც სასამართლოს და შემდეგ ვერც პრეზიდენტს ვერ უკარნახებს მთავრობა, პარლამენტი, „ქართული ოცნება“, თუ როგორ მოიქცეს ამ საკითხთან დაკავშირებით. მზად ვართ არჩევნებისთვის, საარჩევნო სისტემაზე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე პაკეტი არის მზად და ველოდებით რომ სხდომა ჩატარდება სრული შემადგენლობით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.