გია ვოლსკი - მსურს, კრიტიკული მედია ვიხილო, მაგრამ შანტაჟის, ბულინგისა და ჟურნალისტური ზონდერობის დამნერგავი მედია არც ხალვაშის მინდა და არც ყარამანიშვილების
გია ვოლსკი - მსურს, კრიტიკული მედია ვიხილო, მაგრამ შანტაჟის, ბულინგისა და ჟურნალისტური ზონდერობის დამნერგავი მედია არც ხალვაშის მინდა და არც ყარამანიშვილების

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ბულინგი, შანტაჟი, შავი პიარი და იმის მცდელობა, რომ ტყუილებით დააზარალონ პოლიტიკური ოპონენტი, არის ხელწერა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როგორც მაყურებელს, სურს, კრიტიკული მედია იხილოს.

„ცოტა ხნის წინ ანონიმურ წერილზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე და ჩემი კოლეგები ბიძინა ივანიშვილისგან რაღაცის სანაცვლოდ, მორჩილებისა და მესიჯების გამეორების სანაცვლოდ, შავ ფულს ვიღებთ. გარდა იმისა, რომ ეს სწორი არ არის, სიბინძურეა. ასეთივე წარმატებით შემიძლია ვთქვა, რომ ანონიმურმა წყარომ მითხრა, რომ „რუსთავი 2“-ის გარკვეული შემადგენლობა ღამღამობით სატანისტურ შეკრებებს ატარებს და შავი კატის წინაშე იფიცებს, რომ ერთმანეთს არ უღალატებენ და ბრძოლაში ბოლომდე დადგებიან. ზუსტად იგივე შემიძლია, გავავრცელო, მედიასაშუალება რომ მქონდეს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია.

არ მაინტერესებს, „რუსთავი 2“ ვისია, ქიბარ ხალვაშის არის, ოქრუაშვილის, ყარამანიშვილების, თუ ნაყოფიასი. როგორც მაყურებელს, მინდა, კრიტიკული მედია ვიხილო, რომელიც არის ინტენსიურად ინფორმაციის მიმწოდებელი საზოგადოებისთვის. მათ შორის ძალიან კრიტიკულ თემებზე, მაგრამ შანტაჟის, ბულინგისა და ჟურნალისტური ზონდერობის დამნერგავი მედია არც ხალვაშის მინდა და არც ყარამანიშვილების“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა დღეს განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული, თუმცა სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებებისა და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას. განცხადებაში ხალვაში წერს, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობის სრულფასოვანი რეალიზება მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული მედიასტანდარტების პირობებშია შესაძლებელი.