გია ვოლსკი - მსოფლიოში პოლიტიკური კონიუქტურის გადალაგება იმოქმედებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, რთული პროცესი გველოდება, ევროპას სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება ის
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მატარებელია და მისი ხედვა საგანგებოდ მნიშვნელოვანი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, მისი ვიზიტის მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ააღელვა ხელისუფლების ოპონენტები, ეს არის ოფიციალური დასტური, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება.
„ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ცალკე ინსტიტუტს არ წარმოადგენს, რომელიც თავისი შეხედულებებით მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს. ქვეყნების ის ჯგუფი, რომელიც ევროპის საბჭოს შეადგენს, განმაპირობებელია გარკვეული გადაწყვეტილებების, მაგრამ ყველაზე კომპეტენტური დონე, რომელმაც შეიძლება, ჩაიტანოს ნეიტრალური და ზუსტი ინფორმაცია ამ ფორუმზე განსახილველად და პოზიციების გასაცვლელად, ეს ინსტიტუტი და ფიგურაა. ეს ადამიანი საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მატარებელია და რასაკვირველია, მისი ხედვა საგანგებოდ მნიშვნელოვანი იქნება. მის ვიზიტში მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც ასე ააღელვა და ისტერიკა შეყარა ჩვენს ოპონენტებს, ეს ოფიციალური დასტურია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. ახალ პრეზიდენტთან შეხვედრაზეც იყო საუბარი. არ ვიცი, როგორ გადაწყდება, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეული ობსტრუქცია მოუწყვეს.
რეალურად, მსოფლიო მიდის იმისკენ, რომ პოლიტიკური კონიუქტურის გადალაგება იმოქმედებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. ძნელი და რთული პროცესი გველოდება, მაგრამ ამ პერსპექტივას დადებითი კუთხით ვუყურებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ მსოფლიოს დაუდგება სერიოზული პრობლემა და გამოწვევა, რომელიც დიდი განსაცდელის ტოლფასი იქნება. საქართველო სჭირდება ევროპას, ევროპულ ქვეყნებს ისევე, როგორც საქართველოს სჭირდება ის ევროპა, რაზეც არაერთხელ გაუკეთებია განცხადება საქართველოს ხელისუფლებას – ევროპა მაღალი დონის სტანდარტით, ადამიანის უფლებების სტანდარტით და ეკონომიკური მაჩვენებლებით, რისკენაც ჩვენ ინტენსიურად მივდივართ“, – განაცხადა ვოლსკიმ.