გია ვოლსკი - მოქმედი სახალხო დამცველის მონაცემები უნდა ავიღოთ, რათა სწორი წარმოდგენა გვქონდეს, როგორი არ უნდა იყოს სახალხო დამცველი
გია ვოლსკი - მოქმედი სახალხო დამცველის მონაცემები უნდა ავიღოთ, რათა სწორი წარმოდგენა გვქონდეს, როგორი არ უნდა იყოს სახალხო დამცველი

ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს კონსენსუსის მიღწევის არანაირი ინტერესი არ აქვს არანაირ საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მათი სტრატეგია დესტაბილიზაციის თაობაზე არ შეცვლილა, მით უფრო ბოლო პერიოდში, როცა ცხელ შემოდგომას გვპირდებიან, უფრო გამოკვეთილი და თვალსაჩინო გახდა.

ამასთან, რაც შეეხება სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის წესს, გია ვოლსკის განცხადებით, საკმაოდ რთულია ისეთი ადამიანის შერჩევა, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული არ იქნება, მხარს არავის არ დაუჭერს და სამართლიანი იქნება.

„ახლა როგორ სახალხო დამცველსაც ვხედავთ – მისი პოზიციიდან, განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, ის არის აშკარად გამოხატული პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანი, რომლის მონაცემებიც უნდა ავიღოთ, რათა სწორი წარმოდგენა გვქონდეს, როგორი არ უნდა იყოს სახალხო დამცველი – ამის საპირისპიროდ ისეთი უნდა ავირჩიოთ, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიემხრობა.

როცა ოპოზიციის რადიკალური ნაწილი განხილვების პროცესში არ მონაწილეობს, ეს ნიშნავს, რომ რაც არ უნდა სწორი ფორმულა შესთავაზო, კონსტრუქციულ განხილვაში მონაწილეობას მაინც არ მიიღებს“, – განაცხადა გია ვოლსკმა.