გია ვოლსკი - მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული სისტემა არის ყველაზე სამართლიანი, რაც შეიძლება ვნახოთ
გია ვოლსკი - მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული სისტემა არის ყველაზე სამართლიანი, რაც შეიძლება ვნახოთ

მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული სისტემა, რომელიც არის ყველაზე სამართლიანი, რაც შეიძლება ვნახოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაგრძელდება.

„დიდი ხანია, ამ თემაზე ლაპარაკი მიდის, მაგრამ არის ერთი მთავარი საკითხი, როდესაც ვთავაზობთ 100 მანდატს პროპორციულს და 50 მანდატს მაჟორიტარულს, ეს თემა არის იმის შედეგი, რომ 2003 წლის რეფერენდუმი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. პარტიების უკან არსებობს საზოგადოება, ხალხი, თუ მოიგებენ მოიგონ მაჟორიტარულში, პიროვნულადაც წინ არიან, რეიტინგიც მეტი აქვთ. მოგების პატიოსან გზას ვთავაზობთ, გარდა ამისა, არსებობს ოდირის და ეუთო-ს წინადადებები, როგორ გახდეს ეს საარჩევნო სისტემა უფრო დახვეწილი და უფრო სამართლიანი. როდესაც ვამბობთ, რომ გაგრძელდება მოლაპარაკებები, ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ გვექნება შეხვედრები, დღეს ვფიქრობ, რომ აუცილებელი იყო აგვეხსნა ჩვენი პოზიცია, თუ რას ვთავაზობთ, მაგრამ უნდობლობის ხარისხი, რომელიც გაგვაჩნია, არც იმას უწყობს ხელს, რომ დღეს წარმატებით დაგვემთავრებინა მოლაპარაკებები. მართალი გითხრათ, ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ ჩატარდეს ისეთი არჩევნები, სადაც ვერც ერთი მხარე ვერ მოიპოვებს უმრავლესობას და კოალიციურ პასუხისმგებლობასაც ვერ აიღებს. იქ ერთმანეთის მიმართაც აცხადებენ, რომ არ აქვთ ნდობა და კოალიციის შექმნის პერსპექტივა, ამით ქვეყანა დაზიანდება თუ მთავრობა არ შეიქმნება. ესენი გვეუბნებიან, აგერ გიგა ბოკერია ამბობს, რომ ჩვენ მოვიგებთ, მაგრამ იცით, ჭარბი ძალა არ სდომებიათ თურმე. ეს ცინიზმია, მაგრამ კი ბატონო, თუ მაგ ლოგიკას მივყვებით, ჭარბი ძალა არავის არ გვექნება. ასი ორმოცდაათზე – არის ყველაზე სამართლიანი, რაც შეიძლება ვნახოთ. გარდა ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ ეს სქემა მნიშვნელოვანწილად ასუსტებს მათ პოზიციას 2024 და შემდგომ პერიოდშიც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მმართველი გუნდი ინიციატივით გამოდის, პარლამენტში მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს.

ამასთან, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განმარტა, მმართველი გუნდის ინიციატივა არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ შემდგომ არჩევნებსაც ეხება.