გია ვოლსკი - მმართველ გუნდს მოუწოდებენ, ქვეყანაში ქაოსი დაუშვას, სააკაშვილი ვიდრე არ გაიმარჯვებს, დანიშნოს და დანიშნოს არჩევნები
გია ვოლსკი - მმართველ გუნდს მოუწოდებენ, ქვეყანაში ქაოსი დაუშვას, სააკაშვილი ვიდრე არ გაიმარჯვებს, დანიშნოს და დანიშნოს არჩევნები

მმართველი გუნდის პასუხისმგებლობის დაყენება იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება, არის უსაფუძვლო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მიუხედავად რთული ვითარებისა, სახელმწიფოს აქვს რესურსი, ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოს.

„მმართველ გუნდს მოუწოდებენ, აღიაროს არარსებული, ქვეყანაში ქაოსი დაუშვას, სახელმწიფო სტრუქტურების შექმნის წინაღმდეგ გამოვიდეს, ბიუჯეტი არ დაამტკიცოს, სრული ნიჰილიზმი და განუკითხაობა დაამკვიდროს ქვეყანაში იმიტომ, რომ სააკაშვილი ვიდრე არ გაიმარჯვებს, დანიშნოს და დანიშნოს არჩევნები. ეს არის მოთხოვნა, რომლის იქით ჩვენი ოპონენტებისგან, სამწუხაროდ, არაფერი გაისმის. მოცემულობა საკმაოდ რთულია, მაგრამ ამ რთულ ვითარებაში სახელმწიფოს აქვს რესურსი, რათა ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი აუცილებელია.

„გნებავთ, გადავთვალოთ, გნებავთ ვიდეოთვალი გავხსნათ და ნებისმიერი კითხვის ნიშანი, რომელიც ამ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არსებობს, პასუხგაცემული უნდა იყოს – ჩვენ ამ პოზიციისთვის არც გადაგვიხვევია და არც ვაპირებთ. ეს ჩვენი პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანია. პოზიციები დავაფიქსიროთ ყველამ და საზოგადოებას ჩვენი თავი წარვუდგინოთ ისე, როგორებიც ვართ და როგორ ვფიქრობთ ქვეყანაში სტაბილურობის შექმნას, ვინ უპირისპირდება ამ იდეას და ვინ იღწვის ამისთვის.

არის გასათვალისწინებელი კიდევ ერთი აუცილებელი ასპექტი, რასაც პარალელური შედეგების გადათვლა ჰქვია. მხოლოდ 41 დღის შემდეგ აღიარეს, რომ სერიოზული შეცდომა იყო, თუმცა არ აღიარეს ის, რომ ამან მნიშვნელოვნად შეცვალა შედეგები. ეს ერთ-ერთი დასაყრდენი არგუმენტი იყო ოპოზიციისთვის, რათა ხალხის დიდი რაოდენობა შეეყვანა შეცდომაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეხვედრა მეხუთე რაუნდზე აუცილებელია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.