გია ვოლსკი - მიზანი აქვთ, როგორმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდეს ძალოვან სტრუქტურებსა და მოსახლეობის ნაწილს შორის და იქნებ, ის სისხლი დაიღვაროს, რაზეც ასე ინტენსიურად საუბრობენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის კედლებში
გია ვოლსკი - მიზანი აქვთ, როგორმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდეს ძალოვან სტრუქტურებსა და მოსახლეობის ნაწილს შორის და იქნებ, ის სისხლი დაიღვაროს, რაზეც ასე ინტენსიურად საუბრობენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის კედლებში

სასამართლოს თემა, სააკაშვილის ციხის კედლებიდან გამოყვანის თემა, ყველაფერი კონკრეტულ გეგმაშია მოქცეული. მიზანია, რომ როგორმე, იქნებ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდეს ძალოვან სტრუქტურებსა და მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შორის და იქნებ, ის სისხლი დაიღვაროს, რაზედაც ასე დიდხანს და ინტენსიურად საუბრობენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის კედლებში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ 29 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბონ, სადაც 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

„სასამართლოს თემა, სააკაშვილის ციხის კედლებიდან გამოყვანის თემა, მისი გადანაცვლება მრავალპროფილურ საავადმყოფოში, ყველაფერი არის კონკრეტულ გეგმაში მოქცეული, გარკვეული შტრიხები, რომელიც არც არის დამალული, ვინაიდან დასამალიც არაფერი არ არის უკვე. ამის თაობაზე იმ ფარულ ჩანაწერშიც მოვისმინეთ, აქ არის – სააკაშვილი დავიხსნათ და ათ დღეში მივიღებთ ვადამდელ არჩევნებს, თვითონ სააკაშვილის მოწოდებაც ეგ არის. რა საკვირველია, ამის მცდელობა იქნება, ჯერჯერობით განცხადებებია ამასთან დაკავშირებით. ამის მცდელობა კიდევ დაკავშირებულია იმ მიზანთან, რომ როგორმე იქნებ ფიზიკური დაპირისპირება მოხდეს ძალოვან სტრუქტურებსა და მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შორის და იქნებ ის სისხლი დაიღვაროს, რაზედაც ასე დიდხანს და ინტენსიურად საუბრობენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის კედლებში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება კონკრეტულად 7 ნოემბრის ეპიზოდს, ვოლსკის თქმით, მთელმა საზოგადოებამ და მსოფლიო იცის, თუ რა მოხდა 2007 წლის 7 ნოემბერს.

„ამ შემთხვევაში არა როგორც პოლიტიკოსი ან იურისტი, როგორც მოქალაქე ვიტყვი, რომ ის, რაც მოხდა „ტელეიმედში“, თვალხილული იყო და მთელმა საზოგადოებამ, მსოფლიომ იცის, რა მოხდა. მსოფლიომ იცის როგორი დარბევა იყო. მთლიანობაში ვანდალური აქტი იყო, გარდა ამისა კონკრეტული ადამიანების, არათუ უფლებების დარღვევა, არამედ სადისტურად დასჯა და არავითარი ძალის გამოყენების აუცილებლობა არ იყო. მაგალითად, ქუჩაში 100 პოლიციელი ერთ ადამიანს ეცემოდა და ეს ინტენსიურად ხდებოდა. თუ ამას სააკაშვილი უარყოფს, მაშინ უნდა თქვას, რომ ამის შესახებ საერთოდ არ იცოდა და მერე უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია, ჩათვალოს რომ შეიძლებოდა ამის შესახებ სააკაშვილს არ სცოდნოდა, თუ გამორიცხულია. აქედან გამომდინარეობს ლოგიკურად ის დასკვნაც, რომელსაც სასამართლო მიიღებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.