საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებებს პოლიტიკურ უზნეობას უწოდებს.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, მის მიერ ეკა ბესელიას მიმართ გაკეთებული განცხადება საწყენი იყო, მაგრამ ეს რეალობაა.
„პოლიტიკური უზნეობაა ის, რომ გუნდს ისეთი რამ დააბრალო, რაც არათუ მის ხელწერაში არ შედის, არამედ იმ მიმართულებად მიაჩნია, რომელსაც უნდა ებრძოლო. ეს არის ჩანაწერების კეთება და პირადი ცხოვრებით შანტაჟი. ეს არის პოლიტიკური უზნეობა. მლიქვნელობა ჩვენს გუნდს არ ახასიათებს, მით უმეტეს, მლიქვნელური გარემო არასდროს ყოფილა და ვინ თუ არა, ბესელიამ იცის, რომ გუნდში მლიქვნელობა არ არის დაფასებული და პირიქით, აგრესიას იწვევს. რაც შეეხება ჩემს ბიზნესინტერესებს, ეს არის პოლიტიკური უზნეობა. მე და ჩემს კოლეგებს რაც დეკლარაციაში გვაქვს, სხვა არაფერი გაგვაჩნია. ზოგს ბევრი აქვს, ზოგს – ნაკლები. ისეთი დონის განცხადება გააკეთა, რომელიც სახელმწიფოს პოლიტიკურ საფუძვლებს ანგრევს, თუ ეს სიმართლეა. თუ იცის, რომ სიმართლეა და ჩვენებას არ აძლევს, ეს პოლიტიკური ზნეობის თემაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.