გია ვოლსკი - კონგრესმენების ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი კონგრესმა უნდა მოიწონოს, რისი პერსპექტივაც არ არსებობს
გია ვოლსკი - კონგრესმენების ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი კონგრესმა უნდა მოიწონოს, რისი პერსპექტივაც არ არსებობს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, ოპონენტები მუშაობენ, რომ როგორმე ზიანი მიადგეს საქართველოს და პოლიტიკური თანადგომა შეუმცირდეს.

კერძოდ, ვოლსკი გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ „ამერიკის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს სანქციები დაუწესა და შეაჩერა საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების გაცემა“.

ვოლსკის თქმით, საუბარია კონგრესმენების ჯგუფის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც ჯერ კომიტეტში უნდა განიხილონ, შემდეგ კონგრესმა მოიწონოს.

ვოლსკის შეფასებით, ამ უკანასკნელის პერსპექტივა კი არ არსებობს.

„ამას ოპოზიცია აღიქვამს გამარჯვებად, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის სიცრუე. ჩვენ ვმუშაობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ხარისხის გაზრდაზე. ჩვენი ოპონენტები მუშაობენ, რომ როგორმე იქნებ, ზიანი მიადგეს ჩვენ ქვეყანას და პოლიტიკური თანადგომა შეუმცირდეს.

„ფრონტერას“ ხელწერაც იგრძნობა. „ფრონტერას“ და საქართველოს გაზის და ნავთობის კორპორაციას შორის დავა სტოქჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟმა განიხილა და აღიარა, რომ „ფრონტერა“ მართალი არ არის. რასაკვირველია, ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციების შეზღუდვაზეც საუბარი არ არის, მით უმეტეს, რომ ოპეკი საკმაოდ მრავალმილიონიან ინვესტციას აკეთებს საქართველოში, ეს ინვესტიცია ახლა მიმდინარეობს.

მეორე არის კონგრესმენების ჯგუფი, რომელიც ცნობილია ჩვენთვის და მათ მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც გამოქვეყნდა. ჯერ კომიტეტში უნდა განიხილონ, შემდეგ კონგრესმა უნდა მოიწონოს, რისი პერსპექტივაც არ არსებობს. ასე რომ, მინდა, დავამშვიდო ჩვენი ოპონენტები, რომ სახელმწიფოს არ მიადგება არანაირი ზარალი, თუნდაც ასეთი გააფთრებული ბრძოლის მიუხედავად“, – განაცხადა ვოლსკიმ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა 2021 ფისკალური წლისთვის საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი გამოაქვეყნა.