გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდსა და სტილზე არსებობს ფაქტები, რომელთა გაცნობა უკრაინის ხელისუფლებას მარტივად შეუძლია
გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდსა და სტილზე არსებობს ფაქტები, რომელთა გაცნობა უკრაინის ხელისუფლებას მარტივად შეუძლია

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდსა და სტილზე არსებობს ფაქტები და მაგალითები, რომელთა გაცნობა უკრაინის ხელისუფლებას ძალიან მარტივად შეუძლია.

გია ვოლსკიმ ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ საქმიანობასა და წარსულზე უკრაინული ტელევიზიის „112“-ის პოლიტიკურ ტოკშოუში „პულსი“ ისაუბრა.

ვოლსკიმ აღნიშნა, რომ სააკაშვილის მმართველობის პრინციპები და მეთოდები გეგმაზომიერ ქმედებებს არ ემყარება, რადგან მას შეუძლია, რაღაც გააკეთოს, იმოქმედოს სიტუაციაზე, თუ მას ხელთ მთელი ძალაუფლება აქვს, მაგრამ მას ადამიანებთან ერთად მუშაობა პრაქტიკულად არ შეუძლია.

„მან საქართველოში ასე დაიმორჩილა ყველაფერი. მან შექმნა სახელმწიფო სტრუქტურებისგან კარგად ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც იმით იყო დაკავებული, რომ დაუმორჩილებელ მოქალაქეებს აპატიმრებდნენ, აიძულებდნენ ხელი მოეწერათ სახელმწიფოსთვის მათი საკუთრების გადაცემაზე და ამას ერქვა კორუფციასთან ბრძოლა. თუ უკრაინის ხელისუფლებას აინტერესებს რეფორმები, ჩამოვიდნენ, ან ჩვენ ჩამოვალთ და კარგ მაგალითებზე ვაჩვენებთ, რა შეიძლება გაკეთდეს. სააკაშვილის მმართველობის პერიოდსა და სტილზე არსებობს ფაქტები, მაგალითები, რომელთა გაცნობა და ნახვა უკრაინის ხელისუფლებას ძალიან მარტივად შეუძლია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკიმ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ და ამერიკის შეერთებული შტატების იმჟამინდელი სახელმწიფო მდივნის, ელჩებისა და სხვა მაღალჩინოსნების განცხადებებზეც ისაუბრა.

„დღეს, თქვენი გადაცემის სტუმარი რომ არ ვყოფილიყავი და ამ თემებზე კომენტარი რომ არ გამეკეთებინა, ჩემს გარეშეც ძალიან მარტივად შეგიძლიათ, აიღოთ, სტრასბურგის გადაწყვეტილება ქართული სასამართლოს სამი ინსტანციის გადაწყვეტილებები, ესაუბროთ ვალერი გელაშვილს, ნახოთ, არა მარტო მისი, არამედ იმ მოკლული ახალგაზრდების ფოტოები, რომლებიც დაცხრილეს, როგორც სააკაშვილი ამბობდა, წესრიგის დასამყარებლად. ვსაუბრობ მხოლოდ ფაქტებით და მაგალითისთვის მოგიყვანთ აგვისტოს ომს. ამ ომში ჩვენმა მეომრებმა გმირობის მაგალითები აჩვენეს, თავდამსხმელი აგრესორების დიდი ნაწილი გაანადგურეს. 9 აგვისტომდე სააკაშვილის მთავრობა არ აღიარებდა, რომ რუსეთი რამე ფორმით ჩართული იყო ამ შეიარაღებულ აგრესიაში. მან არათუ მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რისი გაკეთებაც მას ჯერ კიდევ ივლისში შეეძლო, არამედ, რუსეთის წარმომადგენლის შეთავაზებით, იტალიაში გაემგზავრა დასასვენებლად და იქიდან ჩამოსული ამბობდა, რომ რუსეთი საერთოდ არ არის დაინტერესებული სამხრეთ ოსეთით და საერთოდაც, „სამხრეთ ოსეთი ის მორყეული კბილია, რომელიც შეიძლება, მოიძრო“, ვციტირებ. არის ციტატები, არის საგზაო რუკა, რომელიც ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ჩვენს ექსპერტებთან ერთად იყო შედგენილი. მან ყველაფერი გადახაზა. გაეცანით, რას წერს კონდოლიზა რაისი, ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი სახელმწიფო მდივანი, ან მოუსმინეთ ამერიკის ელჩებს, ვინც მაშინ საქართველოში მუშაობდნენ, მოუსმინეთ მაილსს, ან სხვა მაღალჩინოსნებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.