გია ვოლსკი მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე - ფაქტია, ჩვენგან არ მოდის უსაფუძვლო და ხშირ შემთხვევაში უტიფარი ბრალდებები, მათ საუბარს ვერავინ დატოვებდა პასუხგაუცემელს
გია ვოლსკი მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე - ფაქტია, ჩვენგან არ მოდის უსაფუძვლო და ხშირ შემთხვევაში უტიფარი ბრალდებები, მათ საუბარს ვერავინ დატოვებდა პასუხგაუცემელს

ფაქტია, რომ ჩვენგან არ მოდის ეს საკმაოდ სერიოზული, უსაფუძვლო და ხშირ შემთხვევაში უტიფარი ბრალდებები. მათ საუბარს ვერავინ დატოვებდა პასუხგაუცემელს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განაცხადას, რომ „საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ“. 

„ძალიან სერიოზული სტატიები, მათ შორის და დასკვნები გაჟღერდა საერთაშორისო დონეზე, თუნდაც არხამიას და აბრამოვიჩის რაღაც გაურკვეველ ურთიერთობებზე, აბრამოვიჩის მონაწილეობაზე მოლაპარაკებებში, თითქოს, თურქეთ-რუსეთი ისე ვერ გაარკვევენ, თუ აბრამოვიჩი იქ არ არის ჩართული და ბევრი საკითხია, რაც გადაფარვას მოითხოვს. ვფიქრობ, რაღაც საქართველო დაბალ ღობედ ამოარჩიეს, მათ შორის ჩვენი მედიასაშუალებების ძალისხმევით, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ და გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკიმ მიხაილ პოდოლიაკის იმ განცხადებაზეც ისაუბრა, რომელიც ქართველ ჯარისკაცებს შეეხება.

„მე შევეკითხებოდი, ის გადაწყვეტილებები, რაც მათ მიიღეს, მოხსნეს დაზვერვის სამსახურის უფროსი, რამაც სერიოზული შეკითხვები გააჩინა, მოხსნეს პროკურორი, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იმ ეჭვებით, რომ მათ კავშირები აქვთ რუსულ სამსახურებთან. ვფიქრობ, ამ შეკითხვაზე უნდა გასცენ ჯერ პასუხი და შემდეგ აქეთ მოითხოვონ. ვინაიდან, არ არსებობს არანაირი რესურსი იმისა, რომ ვინმეს გააჩნდეს ინფორმაცია, თუ არა რუსული მხარე, რომ რაღაც ასეთი საქართველოში ხდება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ან რუსული მხარის პროვოკაცია ან საერთოდ მოგონილი თემა რაღაც ფურცლების ფრიალი, რომელსაც შინაარსი არ აქვს“,-განაცხადა ვოლსკიმ.