გია ვოლსკი - შემიძლია, მოვიყვანო მაგალითები, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა დღევანდელმა ქვედანაყოფებმა ხელი შეუწყვეს რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ამიერკავკასიაში
გია ვოლსკი - შემიძლია, მოვიყვანო მაგალითები, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა დღევანდელმა ქვედანაყოფებმა ხელი შეუწყვეს რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ამიერკავკასიაში

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, 13 კონგრესმენის ხელმოწერით გამოქვეყნებულ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერი საკმაოდ განსწავლული აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, დოკუმენტში არსებული ეს ერთი ფრაზა სრულად ეწინააღმდეგება დანარჩენ დოკუმენტში მოცემულ კვლევას.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ერთი საგანგებო ნიშანი აქვს. ეს არის არა მხოლოდ პროდასვალურობა, არამედ უმაღლესი ხარისხი ჩვენი თანამშრომლობის, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან. საინტერესოა, რომ ეს ერთი ფრაზა სრულ წინააღმდეგობაში მოდის მთელ დანარჩენ დოკუმენტში მოცემულ კვლევასთან, დასკვნებთან, რომლებიც ხაზს უსვამს ამ თანამშრომლობის მაღალ დონეს.

შემიძლია, მოვიყვანო რუსეთისთვის ხელშეწყობის მაგალითები, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა დღევანდელმა ქვედანაყოფებმა ხელი შეუწყვეს რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ამიერკავკასიაში. ამის საპირისპირო მაგალითი არ ჩანს, არც ზედაპირზე და არც სიღრმეებში. აქედან გამომდინარე, მაინც ვფიქრობ, რომ ის ერთი წინადადება მოტანილია და საკმაოდ განსწავლული, აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია​ გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

დოკუმენტს ხელს აწერს 13 რესპუბლიკელი კონგრესმენი: რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ჯონსონი, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ჯო უილსონი, ასევე, კონგრესმენები რობ უიტმანი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეიკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, კლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ ვო.