გია ვოლსკი - მეთიუ ბრაიზას განცხადებას პრივიტივიზმის ხაზი გასდევს, საქართველოს მეგობარს ასეთი განცხადებები არ უნდა ახასიათებდეს
გია ვოლსკი - მეთიუ ბრაიზას განცხადებას პრივიტივიზმის ხაზი გასდევს, საქართველოს მეგობარს ასეთი განცხადებები არ უნდა ახასიათებდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ  ყოფილი ამერიკელი დიპლომატის, მეთიუ ბრაიზას განცხადებას პრივიტივიზმის გარკვეული ხაზი გასდევს.

გია ვოლსკი უსაფრთხოების პოლიტიკის ქართულ ინსტიტუტთან მეთიუ ბრაიზას ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ბრაიზამ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ სურთ, საქართველოს კონფლიქტური რეგიონების საკითხი აქტიურად დააყენონ რუსეთთან, რის გამოც გრძელვადიან პერსპექტივაში სიტუაციის შესაცვლელად ანდერს ფოგ რასმუსენის იდეა შესანიშნავია.

„მეთიუ ბრაიზას კარგად ვიცნობ, მის განცხადებას პრივიტივიზმის გარკვეული ხაზი გასდევს, რადგან ანდერს ფოგ რასმუსენმა სხვა რამ განაცხადა, ჯეიმს აპარტურაიმ სხვა. ეს თემა ადვილი და ხელწამოსაკრავი არ არის. უცებ იდეალური სიტუაცია წარმოვიდგინე, რომ მთელი მსოფლიო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცნობს, რაც რეალურად ასეც არის, ცალკეული გამონაკლისების გარდა, ნატო-ს შემადგენლობაში შევდივართ და შემდეგ ნატო-ს მიერ ზურგგამაგრებული ვიწყებთ მოლაპარაკებებს რუსეთთან. ამ თემას ის დაემატა, რომ პირველადი წინადადება იყო გერმანიის სქემის მოხსენიებით, რაც საქართველოსთვის მომგებიანი თემა არ არის“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ამასთან, მისივე თქმით, ნატო-ს წესდებასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო გამონათქვამები ჰქონდათ ნატო-ს მაღალი დონის წარმომადგენლებს.

„რთული თემაა და იდეის ავტორმაც თქვა, რომ საქართველომ საფრთხეები თავად უნდა გათვალოს, რომელიც შეიძლება, ამ პროცესის რეალიზაციის დაწყებისთანავე იყოს ნათელი. თემა საინტერესოა, კონსულტაციები არ უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ პრიმიტიული ფორმულებით საუბრები, რომ კარგია და სიკარგეს უკან არაფერი სდევს, ან პარალელური პროცესები არ მიმდინარეობს, სწორი არ არის. საქართველოს მეგობარს ასეთი განცხადებები არ უნდა ახასიათებდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.