გია ვოლსკი - მეხუთე რაუნდის წინ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან დემარში ხდება, ყველას აქვს საშუალება, ქვეყანას ემსახუროს, პარლამენტისკენ მიმავალ გზას არავის ჩავუჭრით
გია ვოლსკი - მეხუთე რაუნდის წინ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან დემარში ხდება, ყველას აქვს საშუალება, ქვეყანას ემსახუროს, პარლამენტისკენ მიმავალ გზას არავის ჩავუჭრით

მეხუთე რაუნდის წინ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან დემარში ხდება, მაგრამ ჩვენ განწყობილი არ ვართ, მათთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმებისთვის. ყველას საშუალება აქვს, თავის ქვეყანას ემსახუროს, პარლამენტისკენ მიმავალ გზას არავის ჩავუჭრით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არის საჭირო.

„პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების ფანჯრის დახურვის მხურვალე მხარდამჭერებიც არიან და მმართველ გუნდს ეუბნებიან, გინდათ თუ არა, ოპოზიციას მანდატები ჩამოართვით, დაუწვით და შემდეგ მოლაპარაკებების მაგიდასთან წადით, სადაც ეს თემა წამოწეული იქნება, როგორც მთავარი თემა – რა ველაპარაკოთ ამათ, როცა მანდატები გაგვიუქმესო.

მანდატების თემაზე სპეკულაცია რომ არ იყოს, მოლაპარაკებების მაგიდასთან რადიკალური განცხადებების გარეშე უნდა მიხვიდე. თუ თავად უნდათ, გამოვიდნენ და თქვან, რომ არავითარ შემთხვევაში პოზიციას არ შეიცვლიან და ამით კიდევ ერთხელ დაამძიმონ თავისი პოზიცია მანამდე, სანამ მოლაპარაკებების მაგიდასთან მივლენ. მოლაპარაკება იმისთვის არის საჭირო, რომ ქვეყნის ინტერესებით ვიმოქმედოთ და არა ის, რომ კონკრეტული პოლიტიკური პირების ან სუბიექტების ინტერესებზე ავაწყოთ ჩვენი ცხოვრება. მანდატები გაუქმდება თუ არა, ეს იმას არ განაპირობებს, რომ ოპოზიციონერები თავის პოზიციას შეიცვლიან”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მეათე მოწვევის პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით გასული წლის დეკემბერში მიმართეს. მათ განცხადებების განხილვას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს.

დატოვე კომენტარი