გია ვოლსკი - მარგველაშვილმა და უსუფაშვილმა განვლილ პოლიტიკურ ცხოვრებას უნდა გადახედონ და შეაფასონ, რამდენად ეფექტურები იქნებიან, ამ მხრივ სერიოზულად მოიკოჭლებენ
გია ვოლსკი - მარგველაშვილმა და უსუფაშვილმა განვლილ პოლიტიკურ ცხოვრებას უნდა გადახედონ და შეაფასონ, რამდენად ეფექტურები იქნებიან, ამ მხრივ სერიოზულად მოიკოჭლებენ

დავით უსუფაშვილი პარლამენტის მშვენიერი თავმჯდომარე იყო, მაგრამ როგორც კი პოლიტიკური პარტიის სივრცეში გადაინაცვლა, მაშინვე ის ხიბლი დაკარგა, რაც მას „ქართული ოცნების“ მძლავრი მხარდაჭერის პირობებში ჰქონდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ვინც საინტერესო წინადადებას წარმოადგენს და საზოგადოება ამ ადამიანებში იმის ინტელექტუალურ რესურს დაინახავს, რომ დაყენებული წინადადებების შესრულების თავი გააჩნიათ და პოპულარობაც საკმარისი აქვთ, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება.

„მგონია, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა მარგველაშვილმა და უსუფაშვილმა თავიანთ განვლილ პოლიტიკურ ცხოვრებას ძალიან სერიოზულად უნდა გადახედონ და აქედან შეაფასონ, რამდენად ეფექტურები იქნებიან.

ვფიქრობ, რომ ამ მხრივ სერიოზულად მოიკოჭლებენ, მაგრამ მათი ნებაა, მომავალს როგორ უყურებენ. უსუფაშვილთან ურთიერთობა ყოველთვის მშვენიერი მქონდა, თუმცა პროცენტული მაჩვენებლის პერსპექტივას ვერ ვხედავ, უფრო მეტი უნდა იმუშაონ. როცა ვამბობ, მოიკოჭლებენ, იმას ვგულისხმობ, საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ დამოკიდებულება როგორია და არა – ჩემი პირადი. დავით უსუფაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება მეგობრული და ნორმალურია, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, ყველას წარმატებას ვუსურვებ. რაც შეეხება კვირიკაშვილს, მკითხაობა სწორი არ არის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით კვირიკაშვილის შეხედულებები მარგველაშვილისგან განსხვავდება. რას აპირებენ, არ ვიცით, მათ ვკითხოთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილს ახალი ცენტრისტული პოლიტიკური ძალის შექმნას სთავაზობს.