გია ვოლსკი - მარგველაშვილი უკვე ზის მერაბიშვილთან მაგიდასთან, მათი რიტორიკა ერთია, უბრალოდ, მარგველაშვილმა იცის, რომ დამაზიანებელი იქნება მერაბიშვილის სახელთან მისი სახელის გაერთიანება
გია ვოლსკი - მარგველაშვილი უკვე ზის მერაბიშვილთან მაგიდასთან, მათი რიტორიკა ერთია, უბრალოდ, მარგველაშვილმა იცის, რომ დამაზიანებელი იქნება მერაბიშვილის სახელთან მისი სახელის გაერთიანება

მარგველაშვილი, ფაქტობრივად, უკვე ზის ვანო მერაბიშვილთან მაგიდასთან, ვინაიდან მათი რიტორიკა ერთია. უბრალოდ, მარგველაშვილმა იცის, რომ სამომავლო გეგმისთვის დამაზიანებელი იქნება ვანო მერაბიშვილის სახელთან მისი სახელის გაერთიანება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკი გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას, სადაც მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მიტინგებს არბევდნენ, სასაუბროდ დაჯდომას არ აპირებს და ამის მაგალითად ვანო მერაბიშვილი და გიორგი გახარია მოჰყავს.

ვოლსკის თქმით, გიორგი მარგველაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი ერთი დღის წესრიგით მოქმედებენ.

„დემოკრატიული ქვეყანაა, მარგველაშვილს შეუძლია, შექმნას პოლიტიკური გუნდი და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. არჩევნები ელექტრონული წესით და პროპორციული სისტემით ჩატარდება. გაიმარჯვოს, პოლიტიკურ ველზე ადგილი დაიმკვიდროს და შემდეგ გააკეთოს ეს ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები, ვისთან დაჯდება მაგიდასთან და ვისთან არ დაჯდება. ის, ფაქტობრივად, უკვე ზის მაგიდასთან ვანო მერაბიშვილთან, ვინაიდან მათი რიტორიკაც ერთია და ზუსტად იმავე დღის წესრიგით მუშაობენ, თუ ამას მუშაობა ჰქვია. უბრალოდ, მარგველაშვილმა იცის, რომ მისი ავტორიტეტისთვის და სამომავლო გეგმისთვის დამაზიანებელი იქნება ვანო მერაბიშვილის სახელთან მისი სახელის გაერთიანება. ადამიანი, რომელიც იყო სადისტური სისტემის ჩამოყალიბებაში მთავარი მონაწილე პირი, რიმელმაც სისხლი დაღვარა, მარგველაშვილს არ აწყობს თავის მოკავშირედ, მაგრამ მარგველაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი ზუსტად ერთ ფორმატში და ერთი დღის წესრიგით მოქმედი ადამიანები არიან. ვისურვებდი, საქართველოში ოპოზიცია არსებობდეს, იყოს მძლავრი, მაგრამ ჰქონდეს პროგრამა. პროგრამა მოიცავდეს სხვადასხვა დარგის განვითარებას და არა მხოლოდ ერთ თემას, დესტაბილიზაციას და დესტაბილიზაციის, რევოლუციური პროცესის მეშვეობით ხელისუფლებაში მოსვლას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.