გია ვოლსკი - მამუკა ბახტაძის ხედვები არის მისაღები და მისასალმებელი, ყველანი მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ
გია ვოლსკი - მამუკა ბახტაძის ხედვები არის მისაღები და მისასალმებელი, ყველანი მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ

მამუკა ბახტაძის ხედვები არის მისაღები და მისასალმებელი. ყველანი მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე ყველაფრის დეტალურად განხილვის შესაძლებლობა არ ყოფილა, თუმცა დღევანდელ შეკრებას წინ უძღოდა არაერთი შეხვედრა.

„ვრცელი საუბრის და დეტალების განხილვის დრო საათ-ნახევარში, რასაკვირველია, არ გვქონდა უმრავლესობის შეხვედრაზე. მაგრამ არაერთი წინა შეხვედრა უძღოდა დღევანდელ შეხვედრას ფინანსთა მინისტრთან და დეტალებში განვიხილეთ, რა მიმართულებები არის პრიორიტეტული, სოციალურიდან დაწყებული, განსაკუთრებულ თემაზე, რასაც ჰქვია საქართველოს სატრანზიტო სისტემების განვითარება. მისი ხედვები განათლების სისტემიდან დაწყებული დამთავრებული საერთაშორისო უსაფრთხოებით, არის მისაღები და მისასალმებელი. ყველანი მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებისა და თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნის შესახებ დასმულ კითხვაზე ვოლსკიმ განაცხადა, რომ მამუკა ბახტაძე გაჟღერებული მოთხოვნების გარეშე შეაფასებს ვითარებას და წარადგენს მინისტრობის კანდიდატებს.

„მოითხოვენ მინისტრების გადადგომას, დესტაბილიზაციას მოითხოვენ, სახელმწიფოში რყევას მოითხოვენ და სახელმწიფოში დაპირისპირებების მაღალ ხარისხს მოითხოვენ. რასაკვირველია, მამუკა ბახტაძე ამ მოთხოვნების გარეშე შეაფასებს სიტუაციას და წარმოადგენს თავის კანდიდატურებს. დღეს საუბარი ამ თემაზე არ ყოფილა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა.