გია ვოლსკი - მალე იქნება გადაწყვეტილება, რომ საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას ევროინტეგრაციის გზაზე, უნგრეთის მყარი პოზიცია ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია
გია ვოლსკი - მალე იქნება გადაწყვეტილება, რომ საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას ევროინტეგრაციის გზაზე, უნგრეთის მყარი პოზიცია ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უნგრეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ევროპული საბჭოს მიერ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას უნგრეთის მყარი პოზიცია საქართველოს მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია.

„ნამდვილად გამორჩეულია უნგრეთი, საქართველოს ლობირებს. ვერ ვიტყოდი, რომ მარტო უნგრეთია პოზიტიურად განწყობილი. ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი საკმაოდ საინტერესო შეხვედრებს ატარებენ ბოლო პერიოდში. ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა პოზიციების დაახლოება ბევრ ევროპულ ქვეყანასთან. დღეს ვართ უნგრეთში, ქვეყანაში, რომელიც არის საქართველოს მეგობარი. პარტიულ სტრუქტურებთანაც გვექნება შეხვედრა. თანამშრომლობის თემა, რასაკვირველია, აქტუალურია. სულ მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას ევროინტეგრაციის გზაზე. რასაკვირველია, აქ უნგრეთი, მისი მეგობრობა, მისი მყარი პოზიცია საქართველოს მხარდასაჭერად არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეიდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტი დაიწყო.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერთან, ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილესთან, იანოშ ლატორკაისთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჯუდიტ ვარგასთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან, იანოშ ბოკასთან.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.