გია ვოლსკი - მაიკ ბენცი სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი ყოფილი თანამშრომელი არ არის, ფლობს სერიოზულ ინფორმაციას, არ შეიძლება, მას მიკერძოება დავაბრალოთ
გია ვოლსკი - მაიკ ბენცი სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი ყოფილი თანამშრომელი არ არის, ფლობს სერიოზულ ინფორმაციას, არ შეიძლება, მას მიკერძოება დავაბრალოთ

მაიკ ბენცი სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი ყოფილი თანამშრომელი არ არის. ეს ადამიანი სერიოზულ ინფორმაციას ფლობს და საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადების ავტორია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, არ შეიძლება, ბენცს მიკერძოება დავაბრალოთ.

„რეალობა, რაზეც ის საუბრობს, ჩვენ მიერ არაერთხელ არის გაცხადებული და ფაქტებით დადასტურებელი. ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ყველა ის ცენტი დაითვალა, რასაც ჩვენ ვუყურებდით და რაც იმ შედეგით ვერ დამთავრდა, რომელიც სცენარის ავტორებმა მოიფიქრეს. სამწუხაროდ, უცხოელის, მაღალი დონის ექსპერტის ნათქვამი უფრო დამაჯერებლად ჟღერს, ვიდრე ის რეალობა, რაც პირდაპირ ეთერებში ვიხილეთ. გეგმაში ქვეყნის გაწირვა, დაღუპვა იყო, რომელიც ისევ გეგმაში რჩება. პირდაპირ გვემუქრებიან, რომ კანონის გვერდის ავლით ფულს შემოიტანენ და არანაკლებ ვაკხანალიას მოაწყობენ, რაც აქამდე იყო. ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ USAID-სა და NED-ის მეშვეობით შავი ფულის შემოდინება შეაჩერა. მსგავსი განცხადებებიდან გამომდინარე, ოპტიმისტური განწყობა გვაქვს, რომ ჩვენი მდგომარეობა ობიექტურად იქნება შეფასებული, მათ შორის ვაშინგტონში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მაიკ ბენცმა ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ლიზ ტრასთან ინტერვიუში განაცხადა: „ახლა ამტკიცებენ, რომ ევროპაში გამჭვირვალობის კანონია საჭირო, მხარს ვუჭერ ამას, თუმცა ირონიაა, რომ ევრობიუროკრატების იგივე ჯგუფი უნგრეთსა და საქართველოს სანქციებით ემუქრებოდა“.