გია ვოლსკი - მადლობა კახა კალაძეს, რომ გენგეგმასთან დაკავშირებით რაციონალური გადაწყვეტილების მიღების პირობები შექმნა
გია ვოლსკი - მადლობა კახა კალაძეს, რომ გენგეგმასთან დაკავშირებით რაციონალური გადაწყვეტილების მიღების პირობები შექმნა

მადლობა ქალაქის მერს, რომ შექმნილი ვითარების სრული გამჭვირვალობა უზრუნველყო და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების პირობები შექმნა, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის დოკუმენტში ორივე მხარის საერთო ხედვა აისახოს.

„დოკუმენტში ხარვეზების გამოსწორება ადვილი არ იქნება. ამოსავალი წერტილი ისაა, რომ გენერალური გეგმის პროექტის ავტორების და კახას მიერ თბილისელებისათვის მიცემული პირობის პათოსი ემთხვევა ერთმანეთს – ჩვენ ჯანსაღ, ევროპული სტანდარტების ქალაქში უნდა ვიცხოვროთ. ორივე მხარეს მნიშვნელოვანი ძალისხმევა მართებს, რათა საერთო ხედვა შეთანხმებულ დოკუმენტში აისახოს. ჩანს, რომ მერია ამისათვის მზადაა. რაც შეეხება ოპონენტების ისტერიულ განცხადებებს, ისინი დღემდე სრულიად უსაფუძვლო და სკანდალზე ორიენტირებული იყო. მადლობა ვუთხრათ ქალაქის მერს, რომ შექმნილი ვითარების სრული გამჭვირვალობა უზრუნველყო და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების პირობები შექმნა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თბილისის მერი კახა კალაძე, მერიის წარმომადგენლებთან ერთად დღეს კომპანია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მერმა განაცხადა,  „სითი ინსტიტუტმა“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა პირველ ივნისამდე უნდა დაასრულოს.