გია ვოლსკი - კითხვის დასმა ანტიდასავლურობას არ ნიშნავს, ეს იყო მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ითხოვდნენ ნებისმიერი დასავლელი ელჩის გაძევებას, ვინც მათ გემოვნებაში არ ჯდებოდა
გია ვოლსკი - კითხვის დასმა ანტიდასავლურობას არ ნიშნავს, ეს იყო მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ითხოვდნენ ნებისმიერი დასავლელი ელჩის გაძევებას, ვინც მათ გემოვნებაში არ ჯდებოდა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ანტიდასავლურ პოლიტიკას არ ნიშნავს, თუ ადამიანი კითხვას სვამს.

მისივე თქმით, ანტიდასავლური პოლიტიკა მაშინ იყო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გაძევებას ითხოვდნენ ნებისმიერი დასავლელი ელჩის, რომელიც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მათ გემოვნებაში არ ჯდებოდა.

ამასთან, როგორც გია ვოლსკი ამბობს, კითხვები არც ამერიკის საზოგადოებისთვის და არც პოლიტიკოსებისთვის ახალი არ არის.

„დასავლური სამყაროსთვის უცხო არ არის საპირისპირო აზრების არსებობა. თუ ადამიანი კითხვას სვამს იმის თაობაზე, გაემიჯნა თუ არა ამერიკის ელჩი იმ განცხადებებს, რასაც უკრაინის წარმომადგენლები აკეთებენ, ასევე ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდის გამოყენებით უნდა გადადგეს, შეიქმნას მთავრობა, დაწესდეს სანქციები – ამ საკითხებზე მყარი პოზიციაა საჭირო და თუ ამ პოზიციას ითხოვენ ადამიანები, ეს ანტიდასავლურ პოლიტიკას არ ნიშნავს.

ანტიდასავლური პოლიტიკა მაშინ იყო, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გაძევებას ითხოვდნენ კელი დეგნანის და ნებისმიერი დასავლელი ელჩის, ვინც მათ გემოვნებაში არ ჯდებოდა კონკრეტულ საკითხებზე. კითხვები არც ამერიკის საზოგადოებისთვის და პოლიტიკოსებისთვის ახალი და გაუგებარი არ არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.