გია ვოლსკი - აუცილებელია, მაღალი დონის დელეგაცია ჩავიდეს აშშ-ში და დაელაპარაკოს იმ კონგრესმენებს, რომელთა მხრიდანაც ბოლო პერიოდში განცხადებები ისმის
გია ვოლსკი - აუცილებელია, მაღალი დონის დელეგაცია ჩავიდეს აშშ-ში და დაელაპარაკოს იმ კონგრესმენებს, რომელთა მხრიდანაც ბოლო პერიოდში განცხადებები ისმის

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ხელისუფლებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული არგუმენტები გააჩნია.

როგორც ვოლსკიმ ამერიკელი კონგრესმენის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წერილის გაგზავნის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, აუცილებელია, პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კონგრესთან უფრო დეტალური საუბარი შედგეს.

„ხელისუფლებას საკმაოდ სერიოზული არგუმენტები გააჩნია, თუ რა მოხდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და რატომ შეიცვალა. ამ თემასთან დაკავშირებით, აუცილებელია, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის კონგრესთან, რომელიც მძლავრად გვიჭერს მხარს, უფრო დეტალური საუბარი შედგეს, ვიდრე ერთმანეთთან განცხადებების გაცვლა. აუცილებელია, მაღალი დონის დელეგაცია, განსწავლული ამ საარჩევნო საკითხებში, ჩავიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაელაპარაკოს  კონკრეტულად ამ კონგრესმენებს, რომელთა მხრიდანაც ბოლო პერიოდში ასეთი განცხადებები ისმის“ ,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კონგრესმენ ადამ კინზინგერის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა მისწერა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილით მივმართეთ მე, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკაულმა. ამ წერილში გამოვთქვით შეშფოთება პოლიტიკური ნიშნით მიზანში ამოღებისა და დაღმავალი ეკონომიკური ტენდენციების გამო, რაც პრობლემებს უქმნის საქართველოს გზას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთთან ინტეგრაციისკენ“, – ნათქვამია ადამ კინზინგერის მიერ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

დატოვე კომენტარი