გია ვოლსკი - ხელახალი არჩევნების სამართლებრივ საფუძველს მხოლოდ საგამოძიებო კომისია ქმნის, როცა ამაში მონაწილეობა არ გინდა, ეს მიუთითებს, რომ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება მართალია
გია ვოლსკი - ხელახალი არჩევნების სამართლებრივ საფუძველს მხოლოდ საგამოძიებო კომისია ქმნის, როცა ამაში მონაწილეობა არ გინდა, ეს მიუთითებს, რომ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება მართალია

ხელახალი არჩევნების ჩატარების სამართლებრივ საფუძველს მხოლოდ საგამოძიებო კომისია ქმნის, როცა ამაში მონაწილეობა არ გინდა, ეს მიუთითებს, რომ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება მართალია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება სიმართლეს შეესაბამება და ოპოზიცია არასდროს აპირებდა არჩევნების გზით სიარულს.

„ამ საკითხის მიმართ საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება არ არის განპირობებული მხოლოდ იმ მონაცემებით, რასაც ჰქვია სამართლიანი არჩევნები. ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს და ევროკავშირს სტრატეგიული ინტერესი აქვთ და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ. ერთი მხრივ ცნობილი გამყალბებლების მხრიდან საუბარია გაყალბებაზე და მეორე მხრივ არის კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები. რომელს დავუჯეროთ, რა ვქნათ, საით წავიდეთ? მე კონკრეტულ პიროვნებას ან რომელიმე ჩემს კოლეგას რომც გვინდოდეს, რომ მოდი, მართლაც ჩავატაროთ ახალი არჩევნები და ვნახოთ, ვინ მოიგებს, ამის სამართლებრივ საფუძველს მხოლოდ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ქმნის. როცა არ გინდა ამ კომისიაში მონაწილეობა და უარს აცხადებს კონსტრუქციულ ნაბიჯზე, ეს უკვე მიუთითებს, რომ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება ნამდვილია, რომ ისინი არასდროს აპირებდნენ არჩევნების გზით სიარულს. არა მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძის, სააკაშვილსაც რომ მოუსმინოთ, 2014 წლიდან სწორედ ამას გაიძახის. ეს არის რეალობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, გარკვეული ოპოზიციური პარტიები ოთხპუნქტიანი მოთხოვნების შესრულების შემთხვევაშიც არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას.