გია ვოლსკი - კარლ ბილდტი სააკაშვილის ახლო მეგობარი და მოკავშირეა, ასევე არის „ნაცმოძრაობის“ მრჩეველი, მისი განცხადება არის მოწოდება დაპირისპირებისკენ, რასაც საქართველოში ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი
კარლ ბილდტი სააკაშვილის ახლო მეგობარი და მოკავშირეა, ასევე „ნაცმოძრაობის“ მრჩეველია, რასაკვირველია, წინ აყენებს პოლიტიკურ მოტივაციას, სამართლებრივად ვერ დააყენებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარის, კარლ ბილდტის განცხადებაზე, რომ „29 დეკემბრის შემდეგ ევროკავშირმა და სხვებმაც უნდა გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად“.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ბილდტის ეს განცხადება აბსოლუტურად შეუსაბამოა ევროპელი პოლიტიკოსისთვის, ევროპული სტანდარტისთვის და რეალურად დაპირისპირებისკენ და შეჯახებისკენ არის მოწოდებული, რასაც საქართველოში ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი.
„თუმცა კარლ ბილდტი ამ მოწოდებით გაცილებით უფრო ფართომასშტაბიან შეჯახებას გულისხმობს. ეს ევროპული სტანდარტისთვის მიუღებელია და ისინი ჩვეულებრივი კალენდრით იხელმძღვანელებენ, რითაც სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.