გია ვოლსკი - კარგი იქნება, პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საერთო ენა მოძებნონ
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, როგორც პროპორციული, ისე შერეული და სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა კონსტიტუციასთან შესაბამისია.
როგორ ვოლსკიმ ჟუნალისტებს განუცხადა, ყველა ეს საარჩევნო სისტემა დემოკრატიული სამყაროსთვის ცნობილია.
„საარჩევნო სისტემაზე ძალიან სწორი, დიპლომატიური შეფასებაა გაკეთებული – საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარისთვის იქნება მისაღები. სამართლიან სისტემასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებებია. არც ერთი სისტემა უსამართლო და უკანონო არ არის, არც შერეული, არც სრულიად მაჟორიტარული და არც პროპორციული. ეს სისტემები ცნობილია დემოკრატიული სამყაროსთვის. მთავარია, რომ ყველა ამ თამაშის წესებზე შეთანხმდეს. ჩვენ ამისთვის ძალას არ დავიშურებთ“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიცია არსებობს. ვოლსკის აზრით, მმართველი პარტიის წინადადება – შერეული საარჩევნო სისტემა ქვეყნისთვის დესტაბილიზაციის საფრთხის თავიდან არიდებას ისახავს მიზნად.
„ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია სწორია, რაც გულისხმობს ქვეყნის დესტაბილიზაციის, სტაბილურობის შერყევის თავიდან არიდებას. საუკეთესო ვერსია ამისთვის შერეული სისტემაა, რომელიც ყველასთვის ერთი უნდა იყოს. მთავარია, არ დავუშვათ გაყალბება, ის, რასაც ჩვენ არაერთხელ მოვესწარით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე. ვფიქრობ, ეს არ განმეორდება. სისტემა როგორი იქნება, რასაკვირველია, ეს მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ მაინც კარგი იქნება, პოლიტიკურმა პარტიებმა საერთო ენა მოძებნონ ამ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც სენატორიც საუბრობს“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.