გია ვოლსკი - კახა იმნაძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოში ძალიან რეზონანსული განცხადება გააკეთა
გია ვოლსკი - კახა იმნაძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოში ძალიან რეზონანსული განცხადება გააკეთა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ უშიშროების საბჭოში რეზონანსული განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იმნაძემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა, ასევე სამშვიდობო ოპერაციების ჩატარების ფორმატს და სტანდარტებიდან გამოსვლის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„კახა იმნაძემ ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა. ჯერ ერთი, უშიშროების საბჭოში იყო ეს განცხადება. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. უშიშროების საბჭოს ფორმატი მხოლოდ იმ მცირე ოთახით არ შემოიფარგლება, სადაც საბჭოს სხდომები მიმდინარეობს. ეს არის ძალიან დიდი, რეზონანსული განცხადება. გარდა ამისა, არის საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციაც გარკვეული პოზიციების გარშემო. მან ისაუბრა ადამიანის უფლებების დარღვევაზე და ერთ მნიშვნელოვან საკითხს გაუსვა ხაზი. ეს არის სამშვიდობო ოპერაციების ჩატარების ფორმატი და სტანდარტებიდან გამოსვლის აუცილებლობა. ილაპარაკა მათ შორის საქართველოში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვა, ვოლსკიმ განაცხადა, რომ ეს დღეს რეალურად შესაძლებელი არ არის იმიტომ, რომ ოკუპაცია ამის წინაპირობას არ ქმნის. თუმცა, მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობაა საჭირო.

„რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ძალისხმევა მსოფლიო დონეზე, წინასწარ თქმა ძნელია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი დაუღალავი ინტენსივობა ამას უნდა უზრუნველყოფდეს“, – განაცხადა ვილსკიმ.

შეგახსენებთ, გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოში ღია დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები გადაიქცა ტერიტორიებად, სადაც მკვლელობა და წამება დაუსჯელი რჩება. იმნაძემ სამშვიდობო ოპერაციების მიმართულების ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული საფრთხეების ნათელი მაგალითია ახლახანს, საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ძალადობრივი სიკვდილი. კახა იმნაძის განცხადებით, შექმნილი მდგომარეობა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებაზე მიუთითებს, როგორც ეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმებითაა გათვალისწინებული.

დატოვე კომენტარი