გია ვოლსკი - იყო გარკვეული პროვოკაციები, თუმცა მთლიანობაში ოპონენტებმა ვერ შეძლეს, ამისგან შეექმნათ ისტორია
გია ვოლსკი - იყო გარკვეული პროვოკაციები, თუმცა მთლიანობაში ოპონენტებმა ვერ შეძლეს, ამისგან შეექმნათ ისტორია

თბილისმა, საქართველომ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავი, როგორც განვითარებულმა სახელმწიფომ, მძლავრი დემოკრატიული ინსტიტუტებით, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მეორე ტურის მიმდინარეობის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, იყო გარკვეული პროვოკაციები, თუმცა მთლიანობაში ოპონენტებმა ვერ შეძლეს, ამისგან შეექმნათ ისტორია.

„ყველას მინდა, მადლობა ვუთხრა. ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერებსაც, განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც მივიდა და თავისი პოლიტიკური ნება დააფიქსირა საარჩევნო ყუთებთან. ვფიქრობ, მისასალმებელია ის, რაც ხდება. სამი საათი დარჩა საარჩევნო უბნების დახურვამდე. ყველას მოვუწოდებ, საარჩევნო ადმინისტრაციას, აქტივისტებს, ყველა პარტიის წარმომადგენლებს, იყვნენ განსაკუთრებით ყურადღებით და იმოქმედონ ისე, როგორც შეეფერება 21-ე საუკუნის ევროპულ სახელმწიფოს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.