გია ვოლსკი - ისეთი გულუბრყვილოც არ ვართ, დავიჯეროთ, უკრაინის ელჩი მხოლოდ იმის გამო გაიწვიეს, რომ იარაღი ვერ მიიღო საქართველოსგან
გია ვოლსკი - ისეთი გულუბრყვილოც არ ვართ, დავიჯეროთ, უკრაინის ელჩი მხოლოდ იმის გამო გაიწვიეს, რომ იარაღი ვერ მიიღო საქართველოსგან

ისეთი გულუბრყვილოც არ ვართ, დავიჯეროთ, უკრაინის ელჩი მხოლოდ იმის გამო გაიწვიეს, რომ თურმე იარაღი და სამხედრო მხარდაჭერა ვერ მიიღო საქართველოსგან, მაროკოსგან, ეს მაშინ, როცა შეიძლება, პრეტენზია უამრავი ქვეყნის მიმართ ჰქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ ამ კომენტარით შეაფასა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, სადაც ამბობს, რომ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა.

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ელჩის გაწვევა ხელისუფლებასთან ერთად, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის შეურაცხყოფაა.

„ვფიქრობდი, ვფიქრობ და სავარაუდოდ მომავალშიც ვერ შევიცვლი აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება ალბათ განპირობებულია ადამიანთა იმ ჯგუფის მიერ, რომლებიც დღეს საკვანძო ადგილებს იკავებენ და ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი არიან. რაც შეეხება ელჩის გაწვევის დემარშს, ვფიქრობ, ეს შეურაცხყოფაა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის, რომელიც ყოველგვარი ანგარების გარეშე ლუკმას უყოფს უკრაინის დაზარალებულ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს, ინახავენ ამ მოქალაქეების დიდ ნაწილს საქართველოში და არასდროს უკან არ დაიხევს, რომ უკრაინელ ხალხს დაეხმაროს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკის თქმით, საქართველომ უნდა განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა, გააგრძელოს ჰუმანიტარული დახმარება და უკრაინელი მოქალაქეების მოვლა-პატრონობა საქართველოში.

„არის კიდევ ერთი საკითხი, ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა რაუმ და ასევე კონგრესმენების ნაწილმა ჰელსინკის საბჭოსთან ერთად თქვა, რომ საქართველო აპლოდისმენტებს იმსახურებს იმ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამო, რომელიც მან გაუწია და უწევს უკრაინას ამ მძიმე დროს. რაც შეეხება ომში მყოფ პრეზიდენტს, ზუსტად ომში მყოფ პრეზიდენტს არ უნდა უპასუხო გარკვეული ქმედებით. შეიძლება, მე განცხადება გავაკეთო ხისტიც, მაგრამ რეალურად, ჩვენ ომში მყოფ არა პრეზიდენტს, არამედ უკრაინელ ხალხს უნდა დავუჭიროთ მხარი, გავაგრძელოთ ჰუმანიტარული დახმარება, მათი მოქალაქეების მოვლა-პატრონობა საქართველოში. უნდა გავაგრძელოთ ის მძლავრი პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო მიყვებოდა. ამას გააკეთებს კიდეც, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ზელენსკი ან ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც არის არა მოკავშირე, არამედ შემადგენელი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკიმ სანქციების საკითხზეც ისაუბრა.

„საერთაშორისო სანქციები არსებობს, მაგრამ ყველგან კარგად ესმით, რომ საერთაშორისო სანქციისთვის უნდა გაგაჩნდეს სანქცირების მექანიზმი, რაც საქართველოს არ აქვს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.