გია ვოლსკი - არ მგონია, მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრებს გაუხარდეთ სულელური განცხადებები, როგორ ჩაარჭო პუტინმა ფრჩხილები მუხლში ან როგორ იხტუნავა ფანტანზე ტრამპთან ერთად
გია ვოლსკი - არ მგონია, მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრებს გაუხარდეთ სულელური განცხადებები, როგორ ჩაარჭო პუტინმა ფრჩხილები მუხლში ან როგორ იხტუნავა ფანტანზე ტრამპთან ერთად

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმაურება და მის განცხადებებს სულელურს უწოდებს.

მისივე თქმით, „ინტერვიუს დროს თითქოს ზედაპირზე ამოვიდა, თუ სად ედება სააკაშვილს ბრალი, რომ რუსეთთან ითანამშრომლა“.

„რაც მოვისმინე, გავიგე, რომ მიხეილ სააკაშვილი არაადეკვატურია. არ მგონია, მისი გუნდის წევრებსაც გაუხარდეთ ის სულელური განცხადებები, როგორ ჩაარჭო პუტინმა ფრჩხილები მუხლში ან ფანტანზე როგორ იხტუნავა ტრამპთან ერთად და დავით აღმაშენებელთან მისი თავის შედარება.

მნიშვნელოვანი დეტალი იყო – თურმე, ბაიდენმა უთხრა, რომ თუ რუსი ჯარისკაცი წყლიდან თავს ამოყოფს, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, რომ დანებდეს რუსეთის აგრესიას. რეალურად, ეს თქვა თუ არა, ერთი საკითხია, მაგრამ ასე გასროლილი ფრაზები, მით უმეტეს, ასეთ სერიოზულ თემაზე წინასაარჩევნო პერიოდში, ყურადღებას იმსახურებს. ჩვენ ვიცოდით, რომ პუტინთან ოთხი-ხუთი შეხვედრა ჰქონდა და ის ამბობს, 40 შეხვედრა ჩაატარა.

იმ თემებზე, თუ როგორ აწყობდა რუსეთს ოკუპაცია, როგორ ჩაატარა კონსპირაციული ოპერაცია და სად ვდებთ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას ბრალს, რომ რუსეთთან ითანამშრომლა, თითქოს, ეს ყველაფერი ზედაპირზე ამოვიდა მისი ინტერვიუს დროს. არის კომენტარები არაადეკვატური, არის აღიარებაც, რასაც თავად არ აქცევს ისეთ ყურადღებას, რასაც მაყურებელი“,- აღნიშნა ვოლსკიმ.