გია ვოლსკი - ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ რა რეკომენდაციებიც არ უნდა მივიღოთ, ის აუცილებელი წინაპირობა არ უნდა იყოს, რომ გადაწყვეტილება შეცვალო
გია ვოლსკი - ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ რა რეკომენდაციებიც არ უნდა მივიღოთ, ის აუცილებელი წინაპირობა არ უნდა იყოს, რომ გადაწყვეტილება შეცვალო

საქართველოს სჭირდება პოლიტიკურად მიუკერძოებელი, ძლიერი ორგანიზაცია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა და სპეციალურ საგამოძიებო ორგანოსთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ განაცხადა.

საკითხის ირგვლივ საუბრისას ვოლსკიმ შეაფასა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას დამოკიდებულებაც და აღნიშნა, რომ მისი პოზიცია სამართლებრივი თვალსაზრისით გამაგრებული არ არის.

„სახალხო დამცველის პოზიცია უზრუნველყოფილი და გამაგრებული არ არის სამართლებრივი თვალსაზრისით. არ შეიძლება, სამართლებრივ ნაწილში რაიმე პრეტენზია ჰქონდეს არც სახალხო დამცველს და არც ნებისმიერ სხვას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელმწიფო ინსპექტორსაც საკმაოდ პოლიტიკურად დახუნძლული განცხადებები ჰქონდა, ჩვენ უნდა მივიჩნიოთ, რომ სახალხო დამცველის მხრიდან აქ კვლავ ცნობილ ხელწერას აქვს ადგილი. პოლიტიკა არის ის თემა, რაც წინაპირობას უქმნის ასეთი წერილების მომზადებისას. რაც მთავარია, ამ თემაზე შეიძლება იკამათო, მაგრამ ის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის ქვეშ ორი მიმართულება არ უნდა ყოფილიყო გაერთიანებული, ამის თაობაზე სახალხო დამცველიც საუბრობდა და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებდა, რომ ეს იყო ინტერესთა დაპირისპირება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკიმ ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ეუთო/ოდირის დოკუმენტიც შეაფასა.

„მთავარია, საკუთარი ხალხის წინაშე იყო მართალი. რა რეკომენდაციებიც არ უნდა მივიღოთ, თუნდაც მეგობრული, ეს იმის აუცილებელი წინაპირობა და საფუძველი არ უნდა იყოს, რომ გადაწყვეტილება შეცვალო. საქართველოს დღეს სჭირდება პოლიტიკურად მიუკერძოებელი ძლიერი ორგანიზაცია და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა და სპეციალურ საგამოძიებო ორგანოსთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ეუთო/ოდირს მიმართა. როგორც ლომჯარია ამბობს, მიზანი იყო, ეუთო/ოდირს წარმოედგინა მოსაზრება, რამდენად შეესაბამებოდა მიღებული ცვლილებები ადამიანის უფლებებისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების საქმიანობის პრინციპებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. ნინო ლომჯარიამ დღეს განაცხადა, რომ 18 თებერვალს ეუთო/ოდირმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე კანონთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრება წარმოადგინა, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული განხორციელებული ცვლილებები. ასევე, ლომჯარიას თქმით, შესულია რეკომენდაცია კანონის ამოქმედების შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე.