გია ვოლსკი - იმ ოთახში, როდესაც ამ ციფრებს და მონაცემებს წერდნენ, მგონი, რაღაც აერიათ, ბევრი საფუძველი მაქვს ვთქვა, რომ IRI-ის კვლევა არ არის ისეთი, რასაც ნამდვილად კვლევა ჰქვია
გია ვოლსკი - იმ ოთახში, როდესაც ამ ციფრებს და მონაცემებს წერდნენ, მგონი, რაღაც აერიათ, ბევრი საფუძველი მაქვს ვთქვა, რომ IRI-ის კვლევა არ არის ისეთი, რასაც ნამდვილად კვლევა ჰქვია

იმ ოთახში, როდესაც ამ ციფრებს და მონაცემებს წერდნენ, მგონი, რაღაც აერიათ, ბევრი საფუძველი მაქვს, ვთქვა, რომ ეს ის კვლევა არ არის, რასაც ნამდვილად კვლევა ჰქვია, – ასე გამოეხმაურა IRI-ის კვლევის შედეგებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

მისივე თქმით, 2012 წლიდან ერთი და იგივე შეკითხვა ისმის, იმავე პასუხებით და შედეგები აბსოლუტურად განსხვავებულია იმისგან, რა შეფასებებსაც აქვეყნებენ IRI ან NDI.

„სამწუხაროა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც საკმაოდ კარგ პროგრამებს ახორციელებენ საქართველოში, მუდმივად ცდილობენ, წელიწადში რამდენჯერმე თავი შეირცხვინონ ასეთი კვლევებით. კვლევებით, რომელიც გვაუწყებს, რომ უახლოეს პერიოდში, ანუ 2024 წელს არჩევნები რომ იყოს, გამარჯვების გარკვეული შანსები გააჩნია კეზერაშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებულ კოალიციას, რომელიც შედგება ხაბეიშვილის, ვაშაძის, ხოშტარიას, ჯაფარიძის, ვანო მერაბიშვილისა და ასეთი პოლიტიკური სუბიექტებისგან. გაიმარჯვებს და ასეთი კოალიციური მმართველობა შედგება იმ კანონის მიხედვით, რომელიც შექმნა და რომლის ავტორი და მიმღები „ქართული ოცნებაა“, ელექტრონული არჩევნებით და პროპორციული სისტემით. IRI-მ ამჯერად ასეთი ინფორმაცია გამოაქვეყნა. გარდა ამისა, ამბობს, რომ სასამართლოს არ ენდობა გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ენდობა და ამავე დროს მხოლოდ ერთ პროცენტს მიაჩნია, რომ სასამართლო რაიმე პრობლემას უქმნის ქვეყანას.

იმ ოთახში, მგონი, რაღაც აერიათ, როდესაც ამ ციფრებს და მონაცემებს წერდნენ. ასეთი კვლევების მიმართ არაერთხელ გამოგვიხატავს დასაბუთებული უნდობლობა. ძალიან ბევრი საფუძველი მაქვს, ვთქვა, რომ ეს ის კვლევა არ არის, რომელსაც ნამდვილად კვლევა ჰქვია და მას ოდესმე გაემართლებინოს იმ სინამდვილეში, რომელიც 2011 წლიდან მომდინარეობს.

თქვენ თუ გაინტერესებთ, ვის უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ბიძინა ივანიშვილს თუ ელენე ხოშტარიას, ჩემი აზრით, ივანიშვილს მეტი რეიტინგი აქვს და საზოგადოებისთვის ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, არასდროს არავისთვის არაფერი დაუყვედრებია. არ მგონია, ეს მონაცემიც, გარდა სხვა მონაცემებისა, მართალი იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა. IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%-ს. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.