გია ვოლსკი - გვარამიას შეწყალებით საზოგადოებას დაეუფლა განცდა, რომ უსამართლობა ჩვეულებრივი ამბავია, თუ რამე გადაწყვეტილება არის დამოკიდებული სალომე ზურაბიშვილზე
გია ვოლსკი - გვარამიას შეწყალებით საზოგადოებას დაეუფლა განცდა, რომ უსამართლობა ჩვეულებრივი ამბავია, თუ რამე გადაწყვეტილება არის დამოკიდებული სალომე ზურაბიშვილზე

საზოგადოებას დაეუფლა განცდა, რომ უსამართლობა ჩვეულებრივი ამბავია, თუ რაიმე გადაწყვეტილება არის დამოკიდებული პრეზიდენტ ზურაბიშვილზე. პირველი შემთხვევა არ არის, როცა უსამართლო პოზიციით გამოდის და გაწბილება საკმაოდ სერიოზულია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა განმარტებაც კი არ გააკეთა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

„ვფიქრობ, განცხადების არგაკეთებაც საზოგადოების მიმართ გარკვეული დამოკიდებულების მაჩვენებელია, ვინაიდან დანაშაულიც ძალიან ხილული იყო. დანაშაული საკმაოდ დიდი, საკმაოდ მძიმეა და საუბარიც კი არ ინება, რომ თავისი გადაწყვეტილება რაღაცით გაემართლებინა – ევრორეკომენდაციით ან გარკვეული შენიშვნის გამო, რომელიც შუალედურ ანგარიშში გავიგონეთ. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს შეთანხმებულიც იყო, რომ ევროკავშირს შუალედურ შეფასებაში მედიაგარემოზე ცუდი შეფასება უნდა ეთქვა, გამოეცხადებინა და შემდეგ მას ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. ეს გადაწყვეტილება რაღაც კოსნპირაციულ, საკმაოდ არასასიამოვნო ნალექს ტოვებს. ძალიან დიდი დანაშაულია ჩადენილი და არავითარი კავშირი არ აქვს მედიათავისუფლებასთან, მედიაგარემოსთან. პირიქით, მედიის გამოყენებით მოხდა სერიოზული დანაშაულის ჩადენა, საუბარია დიდ თანხაზე, რომელიც იქნა გაფლანგული გამიზნულად და საკმაოდ ოსტატურად დალაგებული თაღლითური სქემით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.